Thumbnail

ქეცბაია ისევ დააჯარიმეს – იმისთვის, რომ ‘ყველაფერი კარგადაა’ იძახა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ფამაგუტას ანორთოსისის ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის რეგლამენტის დარღვევისთვის უკვე მესამედ დააჯარიმეს.

სასჯელი ამჯერადაც მატჩისშემდგომ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია. კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-6 ტურში ანორთოსისმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსი გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლების წყალობით, 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე კი გამოცხადდა, მაგრამ მან მხოლოდ ორი სიტყვა თქვა: “ყველაფერი კარგადაა”, ეს ფრაზა მან 6-ჯერ გაიმეორა და გავიდა.

“ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მატჩის მერე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვალდებული იყო კომენტარი თამაშის შესახებ გაეკეთებინა, ის კი შემოიფარგლა ფრაზით, რომელიც ამასთან კავშირში არ იყო. ქეცბაიამ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, რაც ჩემპიონატის მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების დარღვევაა”, - ნათქვამია კვიპროსის საფეხბურთო ლიგის განცხადებაში.

მოსალოდნელია, რომ ფამაგუსტელთა ქართველ თავკაცს ამჯერადაც 5 ათასი ევროს გადახდა მოუწევს და შესაძლებელია, მისთვის დამატებითი სასჯელის გამოტანაც გადაწყდეს, რადგანაც თემურმა მიმდინარე სეზონში რეგლამენტი უკვე მესამედ დაარღვია.

თემურმა ოლიმპიაკოსთან მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენცია უკომენტაროდ დატოვა

პირველად ქართველი მწვრთნელი ყურადღების ცენტრში სექტემბერში მოექცა, როდესაც ომონიასთან ფრედ დასრულებული თამაშის მერე კვიპროსული ფეხბურთის ხელმძღვანელების მიმართ მკვახე სიტყვები არ დაუშურებია. 

თემურმა ბოლო სეზონი გაიხსენა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონად ომონია გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ანორთოსისსაც იმდენივე ქულა ჰქონდა. ქეცბაიამაც რამდენჯერმე მინიშნება გააკეთა მომხდარის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ წელს მსგავსი რამ აღარ მოხდებოდა:

“მინდა შეგახსენოთ, რომ ომონიას გასულ სეზონში არაფერი მოუგია, უბრალოდ მათ იმ ადამიანებმა გადასცეს ტიტული, რომელთაც ფეხბურთზე წარმოდგენა არ აქვთ. ვიმედოვნებ, რომ წელს აღარ მოხდება ის, რაც შარშან მოხდა და ქაღალდზე არავინ არაფერს მიიღებს. ისინი გადაწყვეტილებებს კერძო ინტერესიდან გამომდინარე იღებენ, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველას ინტერესში და არა – ზოგიერთი ჯგუფის”, - თქვა მაშინ ქეცბაიამ და 5 ათასი ევროს გადახდა მოუწია.

მეორედ ქართველ სპეციალისტს ფულადი ჯარიმა ლიმასოლის აპოლონთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რეგლამენტის დარღვევის გამო დააკისრეს. ქეცბაიამ ხსენებული თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა. “კომენტარს არ გავაკეთებ” – აღნიშნა თემურმა და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა. მაშინ ქართველ მწვრთნელს 3 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანორთოსისს 5 ტურში 10 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, თუმცა, პირველ პოზიციაზე მყოფ აპოლონს 3 ქულით ჩამორჩება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, სტუმრად, ნეა სალამინასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები