Thumbnail
  • 'ყველანი ქართველი ფეხბურთელის ჩამოსვლას ელიან, რათა სიტუაციას ნათელი მოეფინოს'
  • არსებული ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი ვერც მომავალ უქმეებზე ითამაშებს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართული ერთა ლიგის მორიგი მატჩი დაშავებული თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე ჩაატარა, მის ტრავმაზე კი არანაკლებ ნერვიულობენ კვიპროსულ ანორთოსისში, სადაც თორნიკე ასევე ლიდერად იქცა.

“სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს” – წერდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი ორიოდ დღის წინ, თუმცა, მეტი დეტალი არ დაკონკრეტებულა.

როგორც სჩანს, ამან ანორთოსისის ხელმძღვანელობა და გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც ძალიან დააფიქრა, ამდენად, ისინი მოუთმენლად ელიან გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ქართველმა ლეგიონერმა დღეს უნდა გაიაროს.

“მას შემდეგ, რაც ოქრიაშვილის ტრავმის შესახებ ცნობა მოვიდა, ანორთოსისში “ნაკვერჩხალზე ზიან”. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე ვერ ვიხილეთ გუშინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში და ამის მიზეზად ვარჯიშზე წარმოქმნილი დისკომფორტი დასახელდა. გუნდში ქართული მხარისგან გარკვეული ინფორმაცია კი მიიღეს, თუმცა, მაინც ყველანი უშუალოდ ფეხბურთელის ჩამოსვლას ელიან, რათა სიტუაციას ნათელი მოეფინოს. როგორც ანორთოსისის წარმომადგენელმა სავას პილაკუტასმა განაცხადა, საეჭვოა, თორნიკემ კვიპროსის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ითამაშოს, თუმცა, ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა”, - წერს Alphanews.live.

თორნიკე ოქრიაშვილი სომხეთთან მატჩში დაშავდა
📷 | GFF

არსებულ სიტუაციას ეხმაურება Sigmalive.com-იც.

“უდავოა, რომ თემურ ქეცბაიას ამ ამბის გაგება ძალიან შეაშფოთებდა, თუმცა, ეს მაინც მაინც მოხდა. ანორთოსისის ქართველი მწვრთნელი სანაკრებო შეკრებიდან თანამემამულეების დაბრუნებას დღეს ელის და ძალიან ნერვიულობს, რადგანაც არ იცის, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს შაბათს ნეა სალამინასთან დაგეგმილ შეხვედრაში. ცხადია, ქეცბაიას უმთავრესად თორნიკე ოქრიაშვილის საკითხი აღელვებს, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო საწყის ტურებში. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნაკრებში ტრავმის გამო ვერ ითამაშა და თუკი ის კლუბსაც გამოაკლდა, ეს, დიდი დანაკლისი იქნება. ამ შემთხვევაში, თემურმა არჩევანი, ალბათ, მიხალის მანიასზე უნდა გააკეთოს, რომელმაც ვარჯიში უკვე განაახლა”.

ცნობისთვის, კვიპროსის მიმდინარე ჩემპიონატში ანორთოსისს 5 ტურის თავზე 10 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, თუმცა, ლიდერ აპოლონს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, სტუმრად, ნეა სალამინასთან გამართავენ. კონკრეტულად ოქრიაშვილს გასულ მატჩებში 4 გოლი (3 პენალტით) აქვს გატანილი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. საინტერესოა, რომ ამდენივე გოლი უგროვდება ლარნაკას აეკ-ის მაკედონიელ ფორვარდ ივან ტრიჩკოვსკის, რომელმაც გუშინდელ მატჩში 80 წუთი ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები