Thumbnail
  • ბარსელონამ რეალ სოსიედადის რეკორდი დაამხო, რომელიც 1980 წელს დამყარდა.
  • კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ 39 მატჩი არ წააგო - 7 წინა სეზონის ბოლოს, 32 - ახალში.
  • კვირას რეალს ვალენსიას გადასწრების შანსი მიეცა.

14 აპრილს ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, "კამპ ნოუზე" ერთპიროვნულმა ლიდერმა ბარსელონამ მესამეადგილოსან ვალენსიას 2:1 მოუგო. 

► "მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი გვექნება" | მალე "კამპ ნოუ" 105 ათას ფანს დაიტევს

კოუტინიო ბარსას გაუშინაურდა

ამ გამარჯვების შემდეგ ბარსელონას 82 ქულა დაუგროვდა და მაქსიმუმ, 7 ქულა ესაჭიროება დარჩენილ 6 ტურში ჩემპიონობის მოსაპოვებლად. 

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, როცა ფილიპე კოუტინიომ გამჭოლი გადაცემით ლუის სუარესი მოძებნა და ურუგვაელმაც სეზონის 23-ე გოლი გაიტანა და კრიშტიანო რონალდოს წამოეწია. 

მალე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აშკარა შეცდომა დაუშვა, რომლის წყალობითაც როდრიგო მორენო ახლო მანძილიდან ურტყამდა, თუმცა შეცდომა თავად გერმანელმა მეკარემ გამოასწორა საოცარი "სეივით". 

51-ე წუთზე კოუტინიომ კუთხური მოაწოდა, ხოლო სამუელ უმტიტიმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა თავით. 

მატჩის მიწურულს სიტუაცია მაინც დაიძაბა, შეცვლაზე შესულმა უსმან დემბელემ გაუმართლებლად იმოქმედა და პენალტი "აიკიდა", რომელიც დანი პარეხომ გოლად აქცია. 

უნდა გამოვარჩიოთ ფილიპე კოუტინიო - ბრაზილიელმა ორი საგოლე პასი მიითვალა და, როგორც ჩანს, "ბარსას" ძირითად ბირთვშიც მკვიდრდება. 

გონსალო გედეში და ჟერარდ პიკე

რეკორდი!

ამიერიდან აღარავინ გაიხსენებს ბასკური რეალ სოსიედადის სასწაულ მიღწევას 70-იანი და 80-იანი წლების მიჯნაზე - მაშინ "ჩური-ურდინაკმა" ზედიზედ 38 მატჩის განმავლობაში არ წააგო ესპანეთის ჩემპიონატში.

აღარ გაიხსენებენ, რადგან ეს რეკორდი დამხობილია - ლა ლიგაში ისედაც მცირე ოდენობის რეკორდებია, რომლებიც ბარსამ ან რეალმა არ დაამყარეს და მათ კიდევ ერთი მოაკლდა - ბარსამ ზედიზედ 39-ე მატჩი არ წააგო.

"ბარსელონამ ლა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - გუნდი 39 მატჩია ზედიზედ, რაც ლა ლიგაში არ აგებს. აქედან 32 მოგება, 7 ფრე. 

სიმართლე გითხრათ, რეკორდზე არ მიფიქრია...

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "ჩვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობის მატჩი იყო. ჯერ ერთი, ახლა უკვე 7 ქულა გვრჩება ჩემპიონობამდე, მეორე, ვალენსიას დიდებული სერია ჰქონდა მოგებების, მესამეც, ჩვენ ძალიან მძიმე კვირა გვქონდა. ბიჭებს ეს წარმატება მივულოცე, სეზონის მთავარი იმედგაცრუების შემდეგ მობილიზება ძალიან ძნელია. 

ვფიქრობ, ფანებსაც კარგად ესმოდათ ეს და ბიჭებს კარგად ამხნევებდნენ. კოუტინიოს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მისი კარგი თამაშების დრო მოვიდა. რაც შეეხება რეკორდს, ბოლო კვირაში მასზე ფიქრის დრო და განწყობა არ მქონდა, თუმცა ასეთი მოთამაშეებით ნორმალურია, როცა რეკორდებს ხშირად ამყარებ". 

მარსელინო (ვალენსიას მწვრთნელი): "ჩვენ 1:1-ის უდიდესი შანსი გავუშვით ხელიდან, შემდეგ კი, როცა მეორე გავუშვით, უკვე ძალიან ძნელი იყო თამაშის შემობრუნება. იმ მომენტში ჩვენ ტერ შტეგენი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვაქციეთ".

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

► ვალენსიამ 5-მატჩიანი მოგებათა და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ლა ლიგაში.

► კატალონიელები რეალ სოსიედადის კიდევ ერთ რეკორდს შეწვდნენ - პირველი 32 ტური წაუგებლად - რეალ სოსიედადმა 1979/80 წლების სეზონში მოახერხა (17 მოგება, 15 ფრე), ახლა ეს რეკორდი ბარსასაც ეკუთვნის (25 მოგება, 7 ფრე).

► 6 ტური წაუგებლად და ბარსა ჩემპიონატს მარცხის გარეშე ჩაამთავრებს. ასეთი რამ ლა ლიგაში 30-იანი წლების მერე არ მომხდარა.

► ლუის სუარესმა ვალენსიას მე-10 გოლი გაუტანა ყველა შეჯიბრებაში. მის ესპანურ კარიერაში ვალენსია "საყვარელი" მეტოქეა.

► ფილიპე კოუტინიომ ბარსას ბოლო 6 გოლიდან 4-ში საგოლე პასი შეასრულა.


ბარსელონა-ვალენსია 2:1

გოლები: 1:0 ლ. სუარესი (15), 2:0 უმტიტი (51), 2:1 პარეხო (86-პენ)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (93. სემედუ), პიკე, უმტიტი, ალბა - პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა (84. დ. სუარესი) - კოუტინიო (79. დემბელე), ლ. სუარესი, მესი 

ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში (69. პერეირა) - როდრიგო (80. ძაძა), მინა (71. ვიეტა)

კომენტარები

ბოლო ამბები