Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას სკოპიეში დაუპირისპირდება. მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფზე საუბარი ჯერ ადრეა და კორონავირუსის პერიოდში ძნელი გამოსაცნობია, რა მოხდება ერთი თვის შემდეგ. ვაისი ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გამარჯვების იმედი აქვს.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

...ჯგუფში პირველი ადგილის ბედი: "არ შემიძლია არჩევანი გავაკეთო კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, რადგან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ჩრდილოეთ მაკედონიას ვეთამაშებით, მაგრამ ახლა ეს თამაში შორსაა და ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთა ლიგაში პირველი ადგილის ბედი წყდება".

...დანაკლისი და მეტოქის თამაში: "მაკედონიის მსგავსად, რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენც გვაკლია, მაგრამ ეს ზოგჯერ მწვრთნელისთვის კარგია, რომ ახალი ფეხბურთელები გამოსცადოს. მზად ვართ მეტოქის ყველა ვარიანტისთვის, მნიშვნელობა არ აქვს 3 მცველით ითამაშებენ თუ 4 მცველით. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს და მაკედონიას ბურთის ფლობა და ტექნიკური ფეხბურთის თამაში სურთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს მოვიგებთ".

...კორონავიუსის გავლენა ფეხბურთზე: "კორონავირუსი ფეხბურთის ყველაზე დიდი მტერია. არავინ იცის რა მოხდება ერთ თვეში. დღეს გავიგეთ, რომ კრიშტიანო რონალდო დაინფიცირდა, შესაბამისად, ვერავინ გამოიცნობს რა იქნება მომავალში".

...ჩრდ. მაკედონიის ნაკრები: "მაკედონიამ ესტონეთთან 9 ახალი ფეხბურთელით ითამაშა, ვიდრე კოსოვოს წინააღმდეგ, 1:3-დან მოახერხეს თამაშში დაბრუნება და ეს იმის დასტურია, რომ ძალიან ძლიერი შეტევა ჰყავს გორან პანდევის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაზე გამოცდილი და საუკეთესო ფეხბურთელია. მაკედონია სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და პასებზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ერთა ლიგის ჯგუფშიც პირველი ადგილი დავიკავოთ".

...შემტევი ფეხბურთი: "ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც გაიმარჯვებს, ის ჯგუფში პირველი იქნება, დამარცხებული - მეორე. ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრის არყოფნის მიუხედავად, ვეცდებით, საუკეთესო სასტარტო შემადგენლობა შევარჩიოთ. ჩვენი თამაშის სისტემა მეტოქის შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ".

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს 5-5 ქულით ჩრდ. მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 4, ესტონეთს კი 1 ქულ აქვს. უახლოესი დაპირისპირება გენერალური რეპეტიცია იქნება ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება და საქართველო სწორედ მაკედონიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები