Thumbnail

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ფიქრობს, რომ ევროპის ჩემპიონატი ზაფხულში გულშემატკივრებთან ერთად ჩატარდება.

“ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატს ვგეგმავთ ზუსტად ისე, როგორც გვინდოდა და როგორც ყველას სურს,” - განაცხადა სლოვენიელმა sportschau.de-სთვის მიცემულ ინტერვიუში, - თუმცა კორონავირუსმა გვასწავლა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ასე რომ, უეფა სხვა სცენარებისთვისაც კარგადაა მომზადებული.”

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატი წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მომავალი წლისთვის გადაიდო. ჩეფერინი: “ჩვენ ბევრი სცენარის განხორციელება შეგვიძლია. ვფიქრობთ, როგორ ჩავატარებთ ტურნირს ფანებთან ერთად, ან ფანების გარეშე. შესაძლოა, სტადიონები 30, 50 ან 70 პროცენტით შევავსოთ.”

უეფას პრეზიდენტის თქმით, კონტინენტის პირველობა 2021 წელსაც 12 სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. “თუმცა, თეორიულად, შეგვიძლია, რომ ევროპის ჩემპიონატი 11, 10, 3 ან თუნდაც მხოლოდ ერთ ქვეყანაში გავმართოთ. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირი 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება!” - დასძინა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უნიკალური შანსი აქვს. პლეი ოფის ფინალში ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ერთმატჩიან დუელში გამარჯვებული ევროზე გავა!

 

კომენტარები

ბოლო ამბები