Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მაკედონიელთა მწვრთნელის განცხადებით, მეტოქისგან საჩუქარს არ ელოდება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი აკლიათ, მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა გაიმარჯვონ და მათი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.

იგორ ანგელოვსკი (მაკედონიის მთავარი მწვრთნელი)

...საქართველოსთან თამაშზე: "მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში ვერ მივაღწიეთ იმას, რაც დაგეგმილი გვქონდა, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარ მიზანს უკვე მივაღწიეთ და მაკედონია ევროპის ჩემპიონატთან ერთი ნაბიჯშია. ახლა მატჩი გვაქვს მეტოქესთან, რომელსაც ფინალშიც შევხვდებით და მიუხედავად ბევრი ფეხბურთელის დანაკლისისა, ყველა, ვინც მოედანზე გავა, ვალდებულია, მაქსიმუმი გაიღოს."

...გადატვირთულ კალენდარზე: "7 დღის განმავლობაში პირველად გვიწევს 3 თამაშის ჩატარება, რაც ძალიან რთულია. მჭიდრო გრაფიკის გამო იტალიამ და ესპანეთმაც გამოთქვეს უკმაყოფილება და წარმოიდგინეთ პატარა ქვეყნების მდგომარეობა. ტრავმების და დისკვალიფიკაციის პრობლემა საქართველოს მწვრთნელსაც აქვს, მაგრამ გავალთ მოედანზე და ვეცდებით, ჩვენი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ".

...ჯგუფში მიზანზე: "საქართველოსაც სურს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. ამიტომ არანაირ საჩუქარს არ ველოდები. ჩვენც არ ვგეგმავთ პირველი ადგილის მარტივად დათმობას და იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს მოვიგებთ. ახლა მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ და არა იმ შეხვედრაზე, რომელიც ერთ თვეში გაიმართება. გვინდა, რომ მოვიგოთ, რადგან 3 ქულა ჯგუფში პირველ ადგილზე დაგვტოვებს".

...უეფაში გაგზავნილ წერილზე: "არგონ რუფატი 21-წლამდე ნაკრებში დისკვალიფიცირებული იყო და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ დაგვემატებინა, რადგან პერსპექტიული მოთამაშეა და შეგვეძლო, მისი იმედი გვქონოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თამაშის უფლება არც ეროვნულ გუნდში აქვს. უეფას წერილი მივწერეთ, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კარგია, რომ გადავამოწმეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშის ტექნიკური წაგების რისკის ქვეშ დავდგებოდით."

...ტაქტიკაზე: "3 მცველით თამაში? ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს, 3 ან 4 მცველით თამაში. 4-მცველიანმა ტაქტიკამ სექტემბერში 4 ქულა მოგვიტანა, მაგრამ კოსოვოსთან 3 მცველით ვითამაშეთ და გუნდი უფრო კომპაქტური იყო. გამორიცხული არ არის, ხვალაც ასე ვითამაშოთ, თუმცა გადაწყვეტილებას მატჩის დღეს მივიღებ".

სატურნირო მდგომარეობა მეოთხე ტურის წინ

შეგახსენებთ, რომ რთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს 5-5 ქულით ჩრდ. მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 4, ესტონეთს კი 1 ქულ აქვს. უახლოესი დაპირისპირება გენერალური რეპეტიცია იქნება ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება და საქართველო სწორედ მაკედონიას უმასპინძლებს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები