Thumbnail

‘თქვენ იცით, როგორ მიყვარს მაიკლი’ - ლებრონმა ჯორდანთან შედარებაზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლეიკერსთან ერთად NBA-ს ჩემპიონობის მოპოვებიდან მეორე დღეს, ლებრონ ჯეიმსმა მისი და მაიკლ ჯორდანის შედარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება არ სურს.  

“მე არ უნდა დამისვან კითხვები მაიკლ ჯორდანზე. პირადად მე კალათბურთის თამაშის ჩემი სტილი მაქვს. ჩემი გზა მაქვს. თქვენ, ხალხო, იცით, როგორ მიყვარს მაიკლ ჯორდანი. 23-ე ნომრით ჯორდანის გამო ვთამაშობ. როცა პირველი წყვილი ‘ჯორდანები’ მივიღე, იმ მომენტში ამაზე უფრო მეტად ვერაფერი გამაბედნიერებდა. თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ამ თემაზე დებატები და არკვიოთ, ვინ არის ჩვენს შორის საუკეთესო,” - ასე უპასუხა ლებრონ ჯეიმსმა რეიჩელ ნიკოლსის (ESPN) კითხვას ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელთან დაკავშირებით.

'ამ ტიტულით კიდევ ერთი ახალი არგუმენტი აქვს' - ენტონი დევისი

NBA-ს ფინალური სერიის მეექვსე თამაშში ჯეიმსმა ფინალებში შესრულებული მე-11 სამმაგი დუბლით ლეიკერსი მეჩვიდმეტედ გააჩემპიონა. ამით ლოსანჯელესური კლუბი ბოსტონ სელტიკსს გაუთანაბრდა. სერიის შემდეგ ლებრონი ფინალის MVP გახდა - ეს მისი მეოთხე აღიარებაა. ის ერთადერთია, ვინც პლეი ოფში საშუალოდ 25-ქულიან ზღვარს გადააბიჯა სამ გუნდთან ერთად, რომლებმაც ბოლოს ტიტულიც მოიგეს...

წაიკითხეეს უნდა მომხდარიყო - როგორ დაბრუნდა ჩემპიონობა კალიფორნიაში

ლებრონმა პლეი ოფში 260-ე თამაში ჩაატარა, რეკორდი დაამყარა და 2012, 2013 (მაიამისთან ერთად) და 2016 წლების (კლივლენდში) შემდეგ, კარიერაში მეოთხედ გახდა ჩემპიონი. პლეი ოფში მას უკვე 28 სამმაგი დუბლი აქვს - კიდევ ორი და მეჯიქ ჯონსონის რეკორდს გაიმეორებს.

ჯორდანი 6-გზის ჩემპიონია და ფინალებში 6 სამმაგი დუბლი აქვს. ექვსივე ტიტულის მოპოვების დროს MJ ფინალების MVP გახდა. ჩიკაგო ბულსის ლეგენდა ყველა დროის უდიდეს კალათბურთელად მიიჩნევა, თუმცა ბევრი ფანის აზრია, რომ ლებრონი ჯორდანთან ძალიან ახლოსაა.

ენტონი დევისის პასუხი

ჯორდანსა და ლებრონზე ლეიკერსის მეორე სუპერვარსკვლავ ენტონი დევისსაც ჰკითხეს: “ჩიკაგოელი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯორდანი მიყვარს. იყო მასზე უკეთესი, ძალიან ძნელია. ფაქტებია საჭირო. მაგრამ ლებრონს ამ ტიტულით კიდევ ერთი ახალი არგუმენტი აქვს,” - ასეთი იყო AD-ის პასუხი.

კომენტარები

ბოლო ამბები