Thumbnail

'ფეხბურთის თამაში უფრო იოლი იყო' - ანდრეა პირლო მწვრთნელობაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 41 წლის იტალიელმა სამწვრთნელო კარიერაში პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა
  • ანდრეა პირლოსთვის პეპ გვარდიოლა საუკეთესო მაგალითია

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ უეფას ვებგვერდთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ფეხბურთელობა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე - სამწვრთნელო საქმიანობა. როგორც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მოედანზე ის თავად თამაშობდა, ახლა კი მხოლოდ მითითების მიცემა შეუძლია, რომელიც სხვებმა უნდა შეასრულონ.

...სამწვრთნელო კარიერის სტარტი: "იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საფეხბურთო კარიერა დავასრულე, სწავლა დავიწყე და ვამჩნევდი, რომ ამ საქმისადმი ჩემი გატაცება დღითიდღე მატულობდა. კარიერაში არაერთი ბრწყინვალე მწვრთნელი მყავდა, ჯერ ლუჩესკუ, შემდეგ ლიპი, ანჩელოტი, კონტე და ალეგრი. გამიმართლა, რომ მსოფლიო დონის სპეციალისტებთან ვმუშაობდი და ვცდილობდი, ყველასგან რაღაც გადმომეღო. პეპ გვარდიოლა, რა თქმა უნდა, ყველასთვის მაგალითია, ის ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის  მისაბაძი მოდელია".

...ყოფილი თანაგუნდელების მწვრთნელობა: "სწრაფად მიხვდნენ რა იყო ჩემი როლი. ისინი ძალიან მეხმარებიან, რადგანაც იციან რას ნიშნავს აქ თამაში და გამარჯვება. ვფიქრობ, მწვრთნელად მუშაობის დროს უფრო მეტი სტრესია, ვიდრე ფეხბურთის თამაშისას. როდესაც მინდორზე ვიყავი, თამაშს თავად ვხელმძღვანელობდი, ბურთი ჩემთან იყო და მარტივი გახლდათ, ახლა მხოლოდ რამდენიმე მითითების მიცემა შემიძლია".

...კრიშტიანო რონალდოს შესახებ: "მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლოა. მისი ვარჯიშებისა და თამაშების ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს მეც და გუნდსაც. 35 წლის ასაკში პატარა ბიჭივით მუშაობს. ის სამაგალითოა".

...ჩემპიონთა ლიგის შესახებ: "ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია და მათთან სათამაშოდ დიდი კონცენტრაცია და ერთი და იგივე ენთუზიაზმია საჭირო. ყველაზე რთული პერიოდი მარტში იწყება, საჭიროა წილისყრაშიც გაგიმართლოს".

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ იუვენტუსი აგვისტოში 2-წლიანი კონტრაქტით ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ტურინულმა გრანდმა ორი თამაში ჩაატარა, გენუის სამპდორიას 3:0 მოუგო, რომასთან კი ქულა მოიპოვა - 2:2.

კომენტარები

ბოლო ამბები