Thumbnail

ნიქაბაძის და ფაცაციას გოლები - დინამო ბათუმის ფრე სამტრედიასთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

სანაკრებო პაუზით დინამო ბათუმმა კიდევ ერთხელ ისარგებლა და მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი საკონტროლო შეხვედრაში სამტრედიას დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, თამაშის გადარჩენა მოახერხა.

პირველ ტაიმში სამტრედიელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ორი გოლი გაიტანეს. დინამო ბათუმმა სხვაობის შემცირება შესვენებამდე შეძლო. თაური დარტყმით მეტოქის კარი გიორგი ნიქაბაძემ დალაშქრა.

მე-2 ნახევარში სრულ სათამაშო უპირატესობას ზღვისპირელები ფლობდნენ და ანგარიშიც გაათანაბრეს. კუთხურის დროს შეტევაში ბათუმელთა ახალგაზრდა მცველი ვაჟა ფაცაცია ჩაერთო, რომელმაც ზუსტად დარტყმა მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის მიწურულს დინამოს მოგებაც შეეძლო, მაგრამ რეინალდოს უძლიერესი დარტყმა ხარიხას მოხვდა და სამტრედია გადარჩა.

აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის დროს დინამოელებმა ორჯერ ისპარინგეს. სამტრედიამდე დინამო ბათუმი თბილისის მერანს დაუზავდა (1:1). დინამოს ეროვნულ ლიგაში 12 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ თბილისის საბურთალოსთან სტუმრად გამართავს.

დინამო ბათუმი 2:2 სამტრედია

გოლები: ნიქაბაძე, ფაცაცია

დინამო ბათუმი (4-4-2): ლევჩენკო - მამუჩაშვილი, ობოაბონა, გაგოშიძე, ჩალაძე - გაფრინდაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე, თევდორაძე - დვალიშვილი, ნიქაბაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ვაგნერი, რეინალდო, ფაცაცია, შერგელაშვილი, ანდღულაძე

კომენტარები

ბოლო ამბები