Thumbnail
  • 📅 14 ოქტომბერი | ⌚ 22:45 | ⚽ ჩრდ. მაკედონია V საქართველო 📺 პირველი არხი
  • 'გაგვიხარდა სომხეთისა და საქართველოს ფრე. ამით, ლიდერობა შევინარჩუნეთ'
  • ჩრდ. მაკედონიას ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები მოუმრავლდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს იგორ ანგელოვსკის საქართველოსთან მოახლოებული მატჩის წინ დიდი პრობლემები შეექმნა და სასწრაფო წესით არცთუ გამოცდილი ფეხბურთელების გამოძახება მოუხდა. შეგახსენებთ, რომ მაკედონიელებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მორიგი შეხვედრა გუშინ ესტონეთთან ჩაატარეს და ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შემდეგ, ქულას გამორჩნენ, თუმცა, ეს ძვირად დაუჯდათ.

ტალინში გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო სტეფან სპიროვსკიმ (აეკ, კვიპროსი) და ლაზარეთში ეგზონ ბეიტულაის (შკენდია), კრისტიან ტოშევსკისა (ტირანა, ალბანეთი) და არიან ადემის (დინამო, ზაგრები, ხორვატია) შეუერთდა. მორიგ ყვითელი ბარათს გამორჩა და საქართველოსთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ესპანური ლევანტეს წევრი ენის ბარდი. ასევე დასჯილია ვისარ მუსლიუ (ვიდეოტონი, უნგრეთი). საქართველოსთან მატჩში ვერ ვიხილავთ ჰიკ-ის გარმერაბ ფერჰან ჰასანისაც, რომელმაც ესტონეთთან კი ითამაშა, თუმცა, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, სამშობლოში არ დაბრუნებულა და კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, პირდაპირ ფინეთისკენ გაემგზავრა.

იგორ ანგელოვსკის საქართველოსთან მატჩის წინ საფიქრალი არ აკლია

მომრავლებული პრობლემების გამო, ჩრდილოეთ მაკედონიას ესტონეთთან გასვლით შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დაშვებული 12 ფეხბურთელის ნაცვლად მხოლოდ 7 ეჯდა, ახლა კი, სიტუაცია უფრო გართულდა და იგორ ანგელოვსკიმაც სასწრაფო ნაბიჯები გადადგა. თავდაპირველად მას რუმინული ბოტოშანისა და დინამო ბუქარესტის ლეგიონერების – სტეფან აშკოვსკისა და დავიდ ბაბუნსკის გამოძახება სურდა, თუმცა, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, მათი სამშობლოში ჩასვლა შეფერხდა და მწვრთნელიც იძულებული იყო შიდა რესურსებისთვის მიემართა.

ამგვარად, ანგელოვსკიმ შეკრებაზე უხმო ლიუპჩო დორიევს, ენურ ტორეს (ორივე – შკენდია), დარკო მიცევსკის (ვარდარი), ტომე კიტანოვსკისა (ს.კ. მაკედონია) და ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების მცველ აგრონ რუფატის (ზორია, უკრაინა), რომელიც ახალგაზრდული გუნდის შეკრებაზე ისედაც იმყოფებოდა. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მეტოქის მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

იგორ ანგელოვსკი: “COVID 19-ის პროტოკოლის გამო უცხოეთიდან ფეხბურთელების დამატება ფაქტობრივად შეუძლებელია, ამდენად, მოთამაშეების მოძიება ეროვნული ჩემპიონატიდან მოგვიხდა. საერთო ჯამში, 5 ფეხბურთელი დავიმატეთ. ახალგაზრდულ ნაკრებს რომ მნიშვნელოვანი მატჩი არ ჰქონოდა, იქიდან კიდევ რამდენიმე მოთამაშეს გამოვიძახებდი, თუმცა, ამჯერად, მათი ინტერესი გავითვალისწინეთ. ესტონეთთან მატჩი შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მართალია, 1:3-ს ვაგებდით, თუმცა, ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით და უნდა მოგვეგო. კოსოვოსთან მატჩი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ამდენად, ახლა რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, მაგრამ მაინც არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. კარგია, რომ სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი ფრედ დასრულდა. ეს ნამდვილად გაგვიხარდა, რადგანაც ჯგუფში პირველ ადგილზე დავრჩით. წინ კიდევ 3 მატჩი გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ლიდერობა შევინარჩუნოთ”.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ეგიდით ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი სკოპიეში 14 ოქტომბერს შედგება. მეტოქეთა პირველი დაპირისპირება 8 სექტემბერს თბილისში გაიმართა და 1:1 დასრულდა. აი, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში კი, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში გაიმართება და გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავა, სადაც B ჯგუფში მოხვდება ნიდერლანდებთან, უკრაინასთანა და ავსტრიასთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები