Thumbnail

FIFA 21 ვითამაშეთ და ეს 5 განახლება ყველაზე მეტად მოგვეწონა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

FIFA 21 ბოლო სპორტული თამაშია, რომელიც PS4-სა და Xbox One-ისთვის შეიქმნა. ახალი თაობის კონსოლების გამოსვლამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება. EA-ის ლეგენდარულ საფეხბურთო ფრენჩაიზის უახლეს ნაწილს მისი წინამორბედებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი განასხვავებს: 2019 წლის დებიუტანტი რეჟიმი, Volta Football დაიხვეწა, კარიერის რეჟიმმაც რამდენიმე ისეთი დამატება მიიღო, რომლებსაც ფანები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, თამაშში 'Positioning Personality' დაინერგა. სხვა მხრივ, FIFA 21 კლასიკური 'ფიფაა' და მას რევოლუციურ თამაშს ვერ ვუწოდებთ. 

დღევანდელ სტატიაში, FIFA 21-ის 5 მთავარ დადებით განახლებაზე მოგიყვებით, რომლებიც ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია და თამაშზე განსაკუთრებით მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

1. ცვლილება უპირატესობის წესში

უპირატესობის წესი ფეხბურთის მნიშვნელოვანი ნაწილია და როდესაც მსაჯი მას სწორად იყენებს, ეს შემტევ გუნდს მომგებიან პოზიციაში აყენებს. რეალურ თამაშში ფეხბურთელი თავად ირჩევს, ჯარიმის შემდეგ თამაში განაგრძოს, თუ შეწყვიტოს და სტანდარტული მდგომარეობის შესრულების უფლება გამოიყენოს. ეს პრინციპი ფიფაში აქამდე არ მუშაობდა, თამაშის გაგრძელების, ან შეწყვეტის არჩევანი მოთამაშეს მხოლოდ ეპიზოდურად ეძლეოდა.

EA sport-მა პრობლემა მოაგვარა: FIFA 21-ში, როცა მეტოქე შენზე ჯარიმდება, შეგიძლია, გადაწყვეტილება სიტუაციის მიხედვით მიიღო. თამაში განაგრძო, ან ჯარიმის დანიშვნა მოითხოვო.
წესის დარღვევის დასაფიქსირებლად PlayStation-ზე L2+R2 კლავიშების კომბინაციაა საჭირო, Xbox-ზე კი LT+RT. გადაწყვეტილების მისაღებად, მოთამაშეს დროის მცირე მონაკვეთი ეძლევა. 

L2 + R2 და სტანდარტის დადებას ითხოვ

2. კედლის გათამაშება, ჩაწოდება და კონტროლი

კიდევ ერთი დადებითი და მნიშვნელოვანი ცვლილება უბურთო მოთამაშის კონტროლია. FIFA-ს ძველ ვერსიებში მოთამაშეზე კონტროლი ბურთის ფლობის, ან ბურთის მფლობელ მოწინააღმდეგესთან სიახლოვის მიხედვით ავტომატურად იცვლებოდა, ახლა ასე აღარ არის. მაგალითად, მარტივი 'კედლის' გათამაშების შემდეგ მოთამაშეს უკვე პასის მიმცემი ფეხბურთელის მოძრაობის ტრაექტორიის  გაკონტროლება შეუძლია და ეს იერიშის სტრატეგიული განვითარების საშუალებას იძლევა. ამის გაკეთება მარჯვენა ანალოგზე დაჭერით არის შესაძლებელი. წინა ვერსიაში ამ დროს მოთამაშე ბურთს ჰაერში სწევდა, ახლა ეს აღარ ხდება და პირველ ჯერზე ცოტა დამაბნეველია.

ელიტური მოთამაშეები ამ განახლებას საჯარიმო მოედანში ზონების გასათავისუფლებლად, მცველების ყურადღების გასაფანტად გამოიყენებენ. შესასრულებლად იოლი არ არის, თუმცა კარგად ათვისების შემთხვევაში მოთამაშის შემტევ არსენალს საგრძნობლად მრავალფეროვანს გახდის.

მოძრაობის ინდიკატორი თავდაპირველად მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც FIFA Trainer რეჟიმი გაქვთ გააქტიურებული. კონფიგურაციის გადაწყობა ისეც შეიძლება, რომ თამაშის დროს მხოლოდ ფოტოზე ნაჩვენები ისრებიანი მონიშვნით ისარგებლოთ და დანარჩენი უსარგებლო აღნიშვნები უჩინარი დარჩეს.

კედლის გათამაშებისას თავად წყვეტ როგორ მოიქცეს პასის მიმცემი მოთამაშე

3. გეიმფლეი

თუ თამაშის ახალ ვერსიაში დრამატული ვიზუალური ცვილებების მოლოდინი გქონდა, ცდებოდი. 2017 წლის ვერსიიდან მოყოლებული, თამაში DICE-ის Frostbite 3.0 ძრავზე იგება, რომლის მაქსიმალური შესაძლებლობებიც მეტწილად უკვე ნანახი გვაქვს. ის, რაც თამაშში გაუმჯობესდა, მასთან პირველივე ინტერაქციისას გამოკვეთილად არ იგრძნობა. რაც უდაოდ სასიმოვნოა და დადებით შეფასებასაც იმსახურებს, ეს მისი დინამიურობა და სირბილეა.

2019 წლის ვერსიაში ფლანგიდან მოწოდებების, ასევე კუთხურების შემდეგ, ძალიან ბევრი გოლი გადიოდა. ამას მოთამაშეთა პროტესტი მოჰყვა და შედეგად მივიღეთ FIFA 20, რომელშიც რომელიმე მოწოდების შედეგად, მეორე სართულზე მოგებული ორთაბრძოლა და გატანილი გოლი სანატრელი გახდა, შეტევის ამ ოპციამ უბრალოდ ფუნქცია დაკარგა. ახლა ბალანსი, როგორც ჩანს, დაცულია, ნათამაშები პირველი ხელების შემდეგ ამის მტკიცებას ჯიუტად არ ვაპირებთ, თუმცა რაც ვნახეთ, ოპტიმიზმის საფუძველს უდაოდ იძლევა.

4. ფინტების ევოლუცია

წინა ვერსიის მსგავსად, ახალ თამაშშიც ცრუმოძრაობები კვლავ მომაკვდინებელი იარაღია და შეტევის ერთ-ერთი მთავარი ოპციაა. მხოლოდ პასით თამაში მოსაწყენია, EA-ში ეს კარგად გაითავისეს და ფინტების კეთების მოყვარულებს კიდევ უფრო დიდი ასპარეზი მისცეს.

აქამდე კონკრეტული სირთულის მოძრაობის გაკეთება მხოლოდ შესაბამისი ვარსკვლავური პროფილის მქონე ფეხბურთელს შეეძლო. მაგალითად, 2-ვარსკვლავიანი პროფილის ფორვარდი 4-ვარსკვლავიანი სირთულის ფინტს ვერ შეასრულებდა. ასე აღარ არის, მეკარეების გარდა, ყველა ყველაფრის გაკეთებას ცდილობს, თუმცა აქედან რა გამოდის, ცალკე საკითხია. ეს ცვლილება რეალიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მცირე ნაბიჯად ფასდება.

5. ინტერაქციული სიმულაცია კარიერის რეჟიმში

თუ FIFA-ს სტაჟიანი მოთამაშე ხარ, შესაძლოა მისი ძველი, ინტერაქციული სიმულაცია მეექვსე თაობის კონსოლებიდან (PS2, Xbox) გახსოვდეს კიდეც, სადაც შეგეძლო, კარიერის რეჟიმში სიმულაციას მიჰყოლოდი და მოვლენების განვითარებაში მხოლოდ საჭირო დროს ჩარეულიყავი. ეს ახლაც შესაძლებელია, მხოლოდ ისეთ მნიშვნელოვან მომენტებში, როგორიცაა: ტრავმები, გოლები, ბარათები, შეცვლები... თანამედროვე სიმულაცია კლასიკურ ფეხბურთის მენეჯერს ძალიან ჰგავს.

ტაქტიკის შეცვლა მატჩის მიმდინარეობისას შეგიძლია

დადებითი განახლებების ჩამონათვალში ვერ ჩავწერდით, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ: FIFA-ში მარტინ ტაილერის და ალან სმიტის ეპოქა დასრულდა. პირველად 2005 წლის შემდეგ, კომენტატორების ხსენებული დუეტი  თამაშში აღარ არის. მთავარი წყვილი ამიერიდან დერეკ რეი და ლი დიქსონი იქნებიან.

FIFA 21 უკვე ხელმისაწვდომია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე, Nintendo Switch-სა და პერსონალურ კომპიუტერზე. მისი სტანდარტული ვერსია 60$ ღირს, Champions ვერსია 80$, ხოლო Ultimate ვერსია 100$.

კომენტარები

ბოლო ამბები