Thumbnail
  • ტაისონ ფიურის თქმით, დეონტეი უაილდერთან ჩხუბი არ შედგება
  • მესამე ბრძოლა მათ შორის დეკემბრისთვის იყო გადადებული
  • როგორც ირკვევა, უაილდერმა ბრძოლის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა

მესამე ჩხუბი არ შედგება! მძიმე წონაში მოქმედი ჩემპიონის, ბრიტანელი ტაისონ ფიურის და ქამრის ყოფილი მფლობელის, დეონტეი უაილდერის ბრძოლა ჩაიშალა - ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ ფიურიმ გაავრცელა.

“მთხოვეს, რომ ჩხუბი დეკემბერში გადაგვეტანა. მე დავთანხმდი 19 დეკემბერზე. მერე ისევ დამიკავშირდნენ და ისევ მთხოვეს გადადება, ამჯერად მომდევნო წლისთვის. ვვარჯიშობდი. მზად ვიყავი. მაგრამ როცა ჩხუბის გადადება მთხოვეს 19 დეკემბრიდან მომდევნო წლისთვის, ეს უკვე მეტისმეტი იყო. გზას ვაგრძელებ,” - განუცხადა ფიურიმ The Athletic-ს და დასძინა: “მე მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე ვარ. მძიმე წონის ჩემპიონი.”

შეგახსენებთ, რომ უაილდერსა და ფიურის შორის პირველი ჩხუბი 2018 წელს ლოს ანჯელესში მძიმე წონაში WBC-ს საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართა და მაშინ უაილდერმა მეტოქე ნოკდაუნში 2-ჯერ გაგზავნა, თუმცა, საბოლოოდ, ფრე აღინიშნა, რაც ტიტულის მფლობელ ამერიკელს აწყობდა.

მიმდინარე წლის თებერვალში მოკრივეები ერთმანეთს უკვე ლას ვეგასში გაეჯიბრნენ და ქომაგებმა კვლავაც კარგი სანახაობა იხილეს. ამჯერად, ფიურის უპირატესობა თვალსაჩინო იყო. მან უაილდერი 2-ჯერ დააგდო, მე-7 რაუნდში კი ამერიკელის ერთ-ერთმა სეკუნდანტმა რინგზე პირსახოცი ისროლა და ბრძოლაც შეწყდა.

მატჩ-რევანში წელს ჯერ ივლისში იგეგმებოდა, თუმცა, ცნობილი მოვლენების გამო ჯერ ოქტომბრისთვის გადაიდო, მერე კი - დეკემბრისთვის. ამ დროისთვის, უაილდერს 44 ბრძოლაში 42 მოგება და თითო ფრე და წაგება აქვს, ხოლო ფიურის – 31 შეხვედრაში 30 გამარჯვება და 1 ფრე.

კომენტარები

ბოლო ამბები