Thumbnail
  • როჯერ ფედერერის და რაფაელ ნადალის სტატისტიკა - ვინ უფრო უკეთესია
  • როჯერს მეტი ტურნირი აქვს მოგებული, რაფას - მეტი მასტერსი
  • ესპანელის რეკორდები უფრო თიხნარს უკავშირდება
  • ურთიერთშეხვედრებში ნადალი წინ არის, რეიტინგში - როჯერი უკონკურენტოა

როლან გაროსზე მე-13 ტრიუმფით რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა - ახლა უკვე ორივე ლეგენდას 20-20 დიდი სლემი აქვთ მოგებული.

ორივე მათგანს თავისი არგუმენტები აქვს, თუ რატომ არის სწორედ ის ისტორიაში საუკეთესო. ეს არგუმენტაცია დიდი სლემების გარდა, სხვა სტატისტიკასაც ითვალისწინებს. მოკლედ, ძირითადი სტატისტიკური დეტალები.

დიდი სლემები

დიდი სლემები მათ ერთნაირად აქვთ მოგებული, თუმცა განსხვავებულია ამ სლემების ხასიათი: რაფა მკვეთრად გამოხატულად თიხაზე დომინირებს - 13 როლან გაროსი, 4 ამერიკის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და მხოლოდ 1 ავსტრალია. ფედერერი ყველა საფარზე უფრო თანაბარია: 8 უიმბლდონი, 6 ავსტრალია, 5 ამერიკის ღია პირველობა და 1 როლან გაროსი. 

მასტერსები, ტიტულები და მატჩები

როჯერს ბევრად უფრო მეტი ტიტული აქვს (103:86-ის წინააღმდეგ), თუმცა რაფას ამ კატეგორიაშიც აქვს თავისი არგუმენტი: ის უფრო ხშირად იგებს მასტერსებს (35:28). ამას თავისი ლოგიკა აქვს. ფედერერი უფრო ხშირად თამაშობს, ნადალი კი დომინანტია თიხაზე ჩატარებულ მასტერსებზე. მაგალითად, 11 გამარჯვება მონტე-კარლოში.

ფედერერს კარიერაში ბევრად მეტი მატჩი აქვს მოგებული (1242:999), თუმცა რაფას ოდნავ უკეთესი გამარჯვებების პროცენტი აქვს - 83.2 ფედერერის 82.1-ის წინააღმდეგ. ეს განსხვავება იმით აიხსნება, რომ ნადალი უფრო ტრავმატულია და უფრო იშვიათად თამაშობს.

რეიტინგი და ურთიერთშეხვედრები

ფედერერი უკონკურენტოა რეიტინგში პირველ პოზიციაზე ყოფნის მიხედვით. ის მაშინაც პირველ პოზიციაზე იყო ხოლმე, როდესაც ნადალი ფორმის პიკში როლან გაროსებს ზედიზედ იგებდა და ურთიერთშეხვედრებში როჯერს ამწარებდა. ფედერერს პირველ პოზიციაზე ასტრონომიული 310 კვირა აქვს გატარებული, რაფას - 209.

სამაგიეროდ, ესპანელი წინ არის ურთიერთშეხვედრებში: 24 გამარჯვება ფედერერის 16-ის წინააღმდეგ. სხვა საქმეა, რომ ამ გამარჯვებების დიდი ნაწილი ისევ და ისევ თიხაზე მოდის - რაფამ 14-ჯერ გაიმარჯვა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. სხვა საფარებზე ფედერერი უკეთესია, თუმცა ისეთი შთამბეჭდავი უპირატესობა არ აქვს, როგორც რაფას გრუნტზე - 3:1 ბალახზე და 11:9 ჰარდზე.

რეკორდები

ორივე ეს მოთამაშე ბევრი დიდი რეკორდის მფლობელია. ფედერერი ერთადერთია, რომელიც სამჯერ გასულა სეზონის ოთხივე დიდი სლემის ფინალში. აქედან მან 3-3 დიდი სლემი მოიგო და რომ არ ყოფილიყო რაფა მის საყვარელ როლან გაროსზე, როჯერი სეზონურ დიდ სლემს არაერთხელ შეკრავდა. ის ერთადერთია ჩოგბურთის ისტორიაში, რომელსაც ორ სხვადასხვა დიდ სლემზე 100-ზე მეტი თამაში აქვს მოგებული.

როჯერს კიდევ ერთი დიდი რეკორდი ეკუთვნის: ზედიზედ 237 კვირა პირველ პოზიციაზე და ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერია. რეიტინგის სათავეში ფედერერი 36 წლის და 320 დღის ასაკში აღმოჩნდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

თავისი რეკორდები აქვს ნადალსაც. რაფამ როლან გაროსი ოთხჯერ ისე მოიგო, რომ სეტიც არ წაუგია და ამ ტურნირზე 100 მოგებული თამაში აქვს. გრუნტზე მას 81-თამაშიანი წაუგებელი სერია და მატჩების 92 პროცენტი აქვს მოგებული. არცერთ სხვა მოთამაშეს არ აქვს არცერთ ცალკეულ საფარზე ასეთი მაჩვენებელი.

მან დიდ სლემზე თავისი პირველი წარმატებიდან 15 წლის შემდეგ მოიპოვა გამარჯვება. რაფას კიდევ ერთი სარეკორდო მაჩვენებელი აქვს: 21 გამარჯვება რეიტინგის პირველ ნომრებთან.

ფაქტია, რომ დიდ სლემებში გათანაბრების მიუხედავად, ჩოგბურთის მოყვარულთა შორის დისკუსია არ დასრულებულა. პირიქით, კიდევ უფრო აქტიური გახდა...

კომენტარები

ბოლო ამბები