Thumbnail

‘100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ’ - ენტონი დევისი წასვლაზე ფიქრობს?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

სუპერვარსკვლავი, რომელმაც ლეიკერსში პირველსავე სეზონში ჩემპიონობა იზეიმა, ტრიუმფის შემდეგ გაურკვევლობაზე ლაპარაკობდა და მომავალი სეზონი ლეიკერსში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ენტონი დევისს 28,8-მილიონიანი ოფცია აქვს, მაგრამ ახალი კონტრაქტით მეტის გამომუშავებაც შეუძლია.

მოსალოდნელია, რომ 27 წლის დევისი კონტრაქტს გაწყვეტს და ლეიკერსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. თუმცა AD-ს ამის დადასტურება არ სურდა: “არაფერი ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს,” - ასე უპასუხა დევისმა კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდება მის კონტრაქტთან დაკავშირებით. “ვიცი ის, რომ ეს სეზონი ლეიკერსთან ერთად ძალიან სასიამოვნო იყო. წელს ლოს ანჯელესში დიდებული დრო გავატარე. მხოლოდ სიხარული და აღფრთოვანება მივიღე. მომდევნო თვეებში ყველაფერს გავარკვევთ. 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ.” - დაამატა დევისმა.

'ვიცი, რომ კობი ზემოდან გვუყურებს და ამაყობს'

მას მხოლოდ კონტრაქტზე არ უსაუბრია - დევისმა კობი ბრაიანტიც გაიხსენა: “ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ ერთი რამ გვსურდა: მოგვეგო ტიტული კობი ბრაიანტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ, კობის იმედები არ გავუცრუეთ. ვიცი, რომ კობი ზემოდან გვიყურებს და ამაყობს ჩვენით. ვიცი, რომ ჩვენით ვანესა ბრაიანტიც ამაყობს. ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.”

ენტონი დევისი ლეიკერსში 2019 წელს, ნიუ ორლეანს პელიკანსიდან ტრეიდით გადავიდა. თავის პირველ სეზონში მან კალიფორნიელებისთვის საშუალოდ 26,1 ქულა ჩააგდო და 9,3 მოხსნას აკეთებდა. ლიგის საუკეთესო მცველებში AD მეორე ადგილზე დაასახელეს.

სწორედ დევისისა და ლებრონ ჯეიმსის წყვილმა მოუტანა ლეიკერსს მე-17 ჩემპიონობა, რითაც ლოსანჯელესური გრანდი ბოსტონ სელტიკსს გაუთანაბრდა. ორივე სუპერვარსკვლავის აგენტი რიჩ პოლია. კალიფორნიაში ყველა ელოდება, რომ მიუხედავად ამბივალენტური განცხადებისა, AD ლეიკერსში დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები