Thumbnail

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა ესპანელ რაფაელ ნადალს მისი რეკორდის გამეორება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ რაფამ მე-20 ტიტული პარიზულ კორტებზე როლან გაროსის მოგებით მიითვალა (ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:0, 6:2, 7:5 დაამარცხა), კონკრეტულად საფრანგეთის ღია პირველობაზე კი მან უკვე მეცამეტედ (!) იმარჯვა. ფედერერმა სპეციალური მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“ჩემს მეგობარ რაფას ყოველთვის ვაფასებდი, როგორც ადამიანსა და როგორც ჩემპიონს. მრავალი წლის განმავლობაში ის ჩემი ყველაზე დიდი მეტოქეა და ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს ბიძგს ვაძლევთ, რათა საუკეთესოები ვიყოთ. ამდენად, ჩემთვის დიდი პატივია მას დიდი სლემის ტურნირებზე მე-20 გამარჯვება მივულოცო. განსაკუთრებით საოცარია, რომ მან როლან გაროსის მოგება მე-13-ედ მოახერხა, რაც სპორტში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ამასთან, ვულოცავ მის გუნდსაც, რადგანაც ნადალი მარტო ამას ვერ გააკეთებდა. იმედი მაქვს, 20 ჩვენს გზაზე მხოლოდ მორიგი ნაბიჯია. რაფა, შენ ეს დაიმსახურე”.

კომენტარები

ბოლო ამბები