Thumbnail
  • უეფას ერთა ლიგას ისევ ბევრი აკრიტიკებს - განსაკუთრებით ფიფაში
  • ეს ტურნირი განსაკუთრებით ტოპ-ქვეყნებში არ მოსწონთ
  • უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ერთა ლიგა შეიძლება გაუქმდეს
  • სანაცვლოდ, შესაძლოა, მუნდიალი 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს

როგორც ჩანს, ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, არსენ ვენგერი ‘ბილდ ამ ზონთაგისთვის’ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ფიფაში ამაზე უკვე დაიწყეს მსჯელობა. ლონდონის არსენალის ყოფილი მწვრთნელი სანდო წყაროა, რადგან 2019 წლიდან ფიფაში მუშაობს და სპორტის სახეობის გლობალური განვითარების დირექტორია.

სწორედ ვენგერი მოითხოვს, რომ რაც შეიძლება მალე გაუქმდეს ერთა ლიგა, რომელსაც ბევრი ისედაც კრიტიკულად უყურებს. მისივე თქმით, გონივრული იქნება, რომ ერთა ლიგის ნაცვლად ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს მსოფლიოს ჩემპიონატი.

“რაც შეიძლება ნაკლები ტურნირი უნდა გვქონდეს. თანამედროვე სამყაროს უფრო მეტად მოუხდებოდა, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდეს,” - უთხრა 70 წლის ვენგერმა ხსენებულ გაზეთს.

კითხვაზე, რატომ ვერ აკმაყოფილებს ერთა ლიგა მის მოთხოვნებს, ვენგერი ასე პასუხობს: “ჩვენ უნდა მოვიშოროთ ერთა ლიგა და უფრო გასაგები ტურნირები უნდა გვქონდეს, ტურნირები, რომელთა შესახებ ყველას ყველაფერი მარტივად ეცოდინება. ქუჩაში ხალხს რომ ჰკითხოთ, რისთვისაა ბრძოლა ერთა ლიგაში, ბევრი ვერ გაგცემთ პასუხს.”

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის უფრო ხშირად ჩასატარებლად ვენგერს კონკრეტული წარმოდგენებიც აქვს. მისი აზრით, საკვალიფიკაციო ეტაპიც მოკლე უნდა იყოს. “შესაძლებელია, რომ შესარჩევი ოქტომბერში ჩაატარო და მერე ივნისში ტურნირი. მე საკვალიფიკაციო ეტაპს ერთ თვეში დავასრულებდი,” - ამბობს ფრანგი ხსენებულ ინტერვიუში. მისი აზრით, ამ შემთხვევაში შესარჩევიც უკეთ გაიყიდება როგორც სატელევიზიო, ისე სარეკლამო თვალსაზრისითაც.

ვენგერს ფორმატთან დაკავშირებითაც კონკრეტული იდეები აქვს: “დიდი ტურნირები დაახლოებით ისე უნდა ჩატარდეს, როგორც ჩემპიონთა ლიგა წელს, ლისაბონში. მარტივად და ფანებისთვის გასაგებად. აღარ იქნება ისეთი საკვალიფიკაციო ეტაპები, რომლებსაც ხალხი ვერაფერს გაუგებს. ეს ნაღდი ტურნირი იქნებოდა.”

ვენგერი არ ფიქრობს, რომ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის იმიჯი შეილახება: “ასეთ ადამიანებს ვეუბნები, რომ ტურნირის იმიჯი დროზე კი არ არის დამოკიდებული, რაც ტურნირებს შორისაა, არამედ ტურნირის ხარისხზე. ჩემპიონთა ლიგა ყოველწლიური ტურნირია და ხომ ხედავთ, ყველა უყურებს.”

კომენტარები

ბოლო ამბები