Thumbnail
  • 'მაშინ ჩვენთან გოგა მოვიდა და ვგრძნობდი, რომ მასთან მუშაობა საინტერესო იქნებოდა'
  • დეიან მილოიევიჩმა ახსნა, რატომ განაცხადა უარი პარტიზანის შეთავაზებაზე

სერბული მეგა ბემაქსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დეიან მილოიევიჩმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გოგა ბითაძესთან ერთად მუშაობდა და აღნიშნა, რომ მიმზიდველ წინადადებაზე უარი სწორედ ქართველი კალათბურთელის ფაქტორის გამო განაცხადა.

“იმ პერიოდში პარტიზანი დამიკავშირდა და პირდაპირ კონტრაქტს მთავაზობდა, თუმცა, უარი განვაცხადე. მაშინ მათ დუშკო ვუოშევიჩი გაუშვეს და მის ადგილზე მისვლა არ მსურდა, მეორეც, ჩვენთან გოგა ბითაძე მოვიდა და ვგრძნობდი, რომ მასთან მუშაობა საინტერესო იქნებოდა. თანაც, საბოლოო ჯამში, ჩემი მიზანი NBA-ში გადასვლა იყო და შესაძლოა, დაუჯერებლად გეჩვენოთ, თუმცა მერჩივნა, იქ სწორედ მეგადან გადავბარგებულიყავი და არა – პარტიზანიდან. დღესდღეობით, NBA-ში საუკეთესო ცენტრად ნიკოლა იოკიჩი მიმაჩნია, რადგანაც მას პასის მაღალი კულტურა აქვს. იქვე არიან ბობან მარიანოვიჩი და ბითაძეც”.

ცნობისთვის, მილოიევიჩი მეგა ბემაქსს 2012-2020 წლებში წვრთნიდა და გოგა ბითაძის კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. დეიანი 2019 წლის დეკემბრიდან სერბეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც გახლავთ, ბოლო პერიოდში კი ფეხის მოკიდებას NBA-ში ცდილობს და როგორც თავად განაცხადა, მისით ლიგის 4 კლუბია დაინტერესებული.

21 წლის ბითაძე მეგა ბემაქსის ღირსებას 2016-2019 წლებში იცავდა სერბული ლიგის უძვირფასესი მოთამაშე, ადრიატიკის იუნიორთა ლიგის ჩემპიონი და უძვირფასესი კალათბურთელი გახდა. შემდგომში მან მონტენეგროს ბუდუჩნოსტში ითამაშა, 2019 წლის დრაფტზე კი მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები