Thumbnail

11 და 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ორ მატჩს გამართავს - ჯერ ნეიტრალურ მოედანზე (პოლონეთში) სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, შემდეგ კი სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიაში. 

ტურნირში საქართველოს ნაკრების ამოცანა C ლიგის ჯგუფის მოგება და მომდევნო (2022/23 წლების) სეზონისთვის B ლიგაში გადასვლაა. ორი ტურის შემდეგ მე-2 ჯგუფს 4-4 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს, ესტონეთს - 0. 

📋 მეტი ამ თემაზე:

გარდა ამისა, ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ეს ორი თამაში გენერალური რეპეტიციაა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის - 12 ნოემბრამდე, როცა საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის შინ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ჩვენს გუნდს სხვა თამაში არ აქვს.

თუმცა ერთა ლიგის მატჩებს მხოლოდ სატურნირო და მოსამზადებელი დანიშნულება არ აქვს. სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიღწეულ შედეგებზე კიდევ ორი რამ არის დამოკიდებული და ეს მომავალ მუნდიალს ეხება.

1. ერთა ლიგის ორი საუკეთესო გუნდი (იმათგან, ვინც მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე ვერ გავა) მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ითამაშებს. ბუნებრივია, C ლიგაში მოთამაშე გუნდისთვის ამ საგზურის მოპოვება რთული იქნება.

2. მეორე შედარებით პრაგმატულია - მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის (ევროპისთვის) დეკემბერში გაიმართება (29 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო - გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო). წილისყრაზე 10 ჯგუფში უნდა გადანაწილდეს 55 ევროპული ნაკრები, რომლებსაც 6 კალათში გადაანაწილებენ. კალათებში კი გუნდებს ერთა ლიგის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით მოახვედრებენ. 

რომელ კალათში მოხვდება საქართველო? ეს ამ ტურნირზე იქნება დამოკიდებული - ამჟამად, საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 1 274 ქულით 89-ე პოზიციაზეა.

ჩვენ მხოლოდ ევროპული ქვეყნები გვაინტერესებს - ამ შემთხვევაში, საქართველო 38-ეა და მე-4 კალათში ხვდება. კალათში წინსვლა გამორიცხულია - 30-ე საბერძნეთი 139 ქულით გვისწრებს. სამაგიეროდ, უკუსვლისა და მე-5 კალათში გადანაცვლების საფრთხე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესარჩევ ციკლში უფრო რთული მეტოქეები გვეყოლება. 

ახლანდელი რეიტინგი. მხოლოდ UEFA

IV კალათა

37. ბელარუსი - 1 282

38. საქართველო - 1 274

39. ისრაელი - 1 265

40. ლუქსემბურგი - 1 237

V კალათა

41. კვიპროსი - 1 236

42. სომხეთი - 1 215

43. ფარერები - 1 191

44. ესტონეთი - 1 188

45. აზერბაიჯანი - 1 179

46. კოსოვო - 1 167

47. ყაზახეთი - 1 156

შენიშვნა: ჩვენ მხოლოდ იმ გუნდების რეიტინგები წარმოგიდგინეთ, რომელთაც შესაძლოია, შეეხოთ კალათებში ცვლილება. 

მოკლედ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე იბრძვის

1. B დივიზიონის საგზურისთვის

2. ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალისთვის მოსამზადებლად

3. მუნდიალი 2022-ის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზურისთვის

4. მუნდიალის შესარჩევი ციკლის წილისყრაზე უკეთეს კალათში მოსახვედრად

კომენტარები

ბოლო ამბები