Thumbnail

NBA-ს მარათონული რეგულარული სეზონი მორჩა, პლეი ოფი იწყება! ეს, ფაქტობრივად, ახალი ტურნირია. გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ მომზადებისთვის უფრო მეტი დრო აქვთ - თამაშის ტაქტიკური მომზადებისა და მოწინააღმდეგის შესწავლის ხარისხი იზრდება; თამაშის სტილი და სურათი იცვლება - უფრო მეტი ბრძოლა და ფიზიკური კონტაქტი, მეტი აქცენტი დაცვასა და თამაშის ორგანიზაციაზე; გადამწყვეტი ხდება ტრავმების და კარგი კენჭისყრის ფაქტორი.

ჰიუსტონ როკეტსი [65-17]

ჰიუსტონ როკეტსი რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი იყო (იხილეთ სტატია). ამ ფაქტმა ჰიუსტონის ამბიციები იმდენად გაზარდა, რომ ჩემპიონობის გარდა, ჰიუსტონისთვის ყველა სხვა შედეგი წარუმატებლობად აღიქმება.

მთავარი გამოწვევა

პლეი ოფი ჰიუსტონისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. მათ ლიდერებს - კრის პოლსა და ჯეიმს ჰარდენს პლეი ოფში წარუმატებელი თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. კრის პოლი კლიპერსში ტრავმებმა დატანჯა და დიდი მოლოდინების მიუხედავად, ლოს ანჯელესური გუნდი კონფერენციის ფინალშიც კი არ ყოფილა. კრის პოლისთვის ეს ალბათ საუკეთესო და ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომ პლეი ოფში წარმატებას მიაღწიოს.

კრის პოლის მსგავსად, დიდია ზეწოლა ჯეიმს ჰარდენზეც. მან გასული სეზონის ბოლო მატჩი პლეი ოფში კატასტროფული მაჩვენებლით 10 ქულით (ზუსტი სროლების 18 პროცენტი), 6 ჯარიმით და 6 დაკარგვით დაასრულა. წლევანდელ პლეი ოფში ტექსასელთა ლიდერებზე ზეწოლა დიდი იქნება, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით.

ჰიუსტონის მთელი თამაში მათ ლიდერებზეა დამოკიდებული - გუნდის სხვა მოთამაშეების კარგ თამაშსაც სწორედ ისინი განაპირობებენ. ჰიუსტონი ლიგას ლიდერობს ჩაყრილი სამქულიანი სროლების მიხედვით. ტრევორ არიზა, ერიკ გორდონი, ფიჯეი ტაკერი და ერიკ გორდონი სამქულიანებს კარგად ისვრიან, თუმცა მათ ამ სროლებს სწორედ ჰარდენი (8.8 პასი თამაშში) და პოლი (7.9 პასი თამაშში) უქმნიან. სხვა კარგი ოპციები ჰიუსტონს შეტევაში არ აქვს.

ჰიუსტონი და მისი ლიდერი ჯეიმს ჰარდენი ლიგას ლიდერობს ე.წ. „სტეპ-ბეკ“ სამიანების რაოდენობით.   სტეპ-ბეკ სამქულიანით, ჩვეულებრივ, იმ ტიპის შეტევა სრულდება, როდესაც ჰიუსტონმა არ იცის ბურთით რა ქნას, ბურთს ჰარდენს აძლევს, ისიც ელოდება შეტევის 24 წამის გასვლას და, ფაქტობრივად, გამოუვალ სიტუაციაში, შეტევას ამ უაღრესად რთული სროლით ამთავრებს. სხვა საქმეა, რომ ჰარდენი ამ უაღრესად რთულ სროლებსაც კი წარმატებით აგდებს.

სეზონში ჩაყრილი "სტეპ-ბეკ" სამქულიანების რაოდენობა

იმ ფონზე, როდესაც პლეი ოფში ლიგის საუკეთესო მცველები სწორედ ჰარდენსა და პოლზე კონცენტრირდებიან, მათ რთული გამოწვევა ელით. თამაშიდან თამაშში, ლიგის გრანდების წინააღმდეგ მათ მოუწევთ, გუნდის თამაშს წარუძღვნენ.

გზა ფინალისკენ

ჰიუსტონს არ გაუმართლა ფინალისკენ გზაში. ლიგის პირველ გუნდს პირველივე რაუნდზე მინესოტა შეხვდა - გუნდი, რომელსაც ტომ ტიბოდო წვრთნის. ტიბოდოს გუნდები აგრესიული თამაშით გამოირჩევიან. მინესოტას ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს - კარლ-ენტონი თაუნსი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა ლიგაში, პლეი ოფის წინ დაბრუნდა გუნდის ლიდერი ჯიმი ბატლერიც.

მინესოტას შემდეგ, ჰიუსტონს ფინალისკენ გზაზე, შესაძლოა, ოკლაჰომა გადაეკვეთოს, რომელიც არცთუ დამაჯერებელი შედეგების მიუხედავად, უაღრესად სახიფათო გუნდია. ჰარდენის დაპირისპირება რასელ ვესტბრუკისა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ტექსასელთათვის უაღრესად რთული უნდა იყოს.

შესაბამისად, თუკი ჰიუსტონმა კონფერენციის ფინალს მიაღწია, გოლდენ სტეიტთან მოსალოდნელი დაპირისპირების წინ მათ ამ გზაზე ბევრი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ.

გოლდენ სტეიტ უორიორსი [58-24]

რეგულარული სეზონი გოლდენ სტეიტისთვის არაერთგვაროვანი გამოვიდა. კალიფორნიელებმა უჩვეულოდ ბევრი თამაში წააგეს, თუმცა ამის მიუხედავად, მათი სიძლიერე ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ლიგის ყველა გუნდი საკუთარ ძალას კვლავ გოლდენ სტეიტთან შედარებით ზომავს. მით უმეტეს, რომ უკვე ორგზის ჩემპიონ გუნდს რეგულარულ სეზონში ყველაზე დიდი მოტივაცია არ უნდა ჰქონოდა.

მთავარი გამოწვევა

გოლდენ სტეიტისთვის ამ სეზონში მთავარი გამოწვევა ტრავმები იყო. ოპტიმალური შემადგენლობით გუნდს დიდი ხანია არ უთამაშია. განსაკუთრებით რთულია ეს სეზონი სტეფ კარისთვის. გოლდენ სტეიტი კარის გარეშე კი განსხვავებული გუნდი იყო - 40 მოგება და 10 მარცხი სტეფ კარისთან ერთად და 17 მოგება და 14 მარცხი სტეფ კარის გარეშე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარი-დურანტის დუეტი ლიგაში ყველაზე ეფექტიანი შემტევი წყვილია, ხოლო მათი პიკენროლი კი - ყველაზე წარმატებული შეტევის ტიპი.

გზა ფინალისკენ

პლეი ოფის პირველ ეტაპზე კალიფორნიელები კარის გარეშე იქნებიან. ფინალისკენ გზაში მათ გაუმართლათ. გოლდენ სტეიტს პირველივე ეტაპზე გამოცდილი სან ანტონიო შეხვდება. სპურსს მთელი სეზონია კავაი ლეონარდი აკლია. მათი მთავარი შემტევი ოპცია ლამარკუს ოლდრიჯია და გოლდენ სტეიტს მის წინააღმდეგ ასევე ელიტური მცველი, დრეიმონდ გრინი ჰყავს. ამ დაპირისპირებაში ოლდრიჯს სიმაღლეში საგრძნობი უპირატესობა ექნება.

შემდეგ ეტაპზე გოლდენ სტეიტს, მაღალი ალბათობით, პორტლენდი უნდა დაუპირისპირდეს და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰიუსტონთან მოსალოდნელ ფინალამდე გოლდენ სტეიტს შეუძლია, ოპტიმალური შემადგენლობის გარეშეც მივიდეს.

ოკლაჰომა სითი თანდერი [48-34]

ოკლაჰომა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და რთულად პროგნოზირებადი გუნდია. OKC-ს სამი ვარსკვლავი ჰყავს - მოქმედი ჩემპიონების გარდა, არავის აქვს ფუფუნება, რომ რასელ ვესტბრუკის, პოლ ჯორჯისა და კარმელო ენტონის კალიბრის მოთამაშეები ერთ გუნდში ჰყავდეს.

მთავარი გამოწვევა

ოკლაჰომასთვის სირთულე მათი პოზიციური შემტევი თამაშია. პოლ ჯორჯი და  კარმელო ენტონი გუნდს მხოლოდ გასულ სეზონში შეუერთდნენ. რასელ ვესტბრუკი ინდივიდუალისტია, რომელიც გუნდის თამაშს თავის თავზე ირგებს. შესაბამისად, ოკლაჰომას შეთამაშების და შეტევაში კომბინაციური თამაშის პრობლემა აქვს. გუნდი ხშირად უტევს მხოლოდ თავისი ვარსკვლავური მოთამაშეების, განსაკუთრებით კი ვესტბრუკის ინდივიდუალური ოსტატობის იმედად.

ოკლაჰომასთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დაცვაში კარგად თამაშს. ანდრე რობერსონის ტრავმამდე ისინი ლიგის საუკეთესო დაცვით გუნდებს შორის შედიოდნენ. იმისთვის, რომ ოკლაჰომას წარმატებით შეუტიოს, სჭირდება ბევრი ჩაჭრები, დაბრუნებული ბურთები და მოწინააღმდეგის შეცდომები. შესაბამისად, შეტევაში ბურთის მოპოვების შემდეგ, OKC ცდილობს, სწრაფად შეუტიოს და მოწინააღმდეგეს პოზიციურ დაცვაში დაბრუნების საშუალება არ მისცეს. ვერავინ (ვერც „მეფე ჯეიმსი”) ვერ უტევს სივრცეს ვესტბრუკზე სწრაფად და ვესტბრუკზე უკეთ. შემთხვევითი არ არის, რომ გუნდიც აქცენტს, სწორედ თამაშის ამ კომპონენტებზე აკეთებს.

ოკლაჰომას რიგებშია ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი ცენტრი სტივენ ადამსი, რომლის უნარიც, წარმატებით მოხსნას ბურთი, ოკლაჰომას დამატებით პოზიციებს აძლევს. 

გუნდის ლიდერები, ვესტბრუკი და ჯორჯი ლიგაში ყველაზე მაგრად იპარავენ და ჭრიან ბურთს - 147 ჩაჭრა ვესტბრუკს და 161 ჩაჭრა პოლ ჯორჯს, რაც ასევე დამატებით პოზიციებს აძლევს გუნდს, რომლის დროსაც შეუძლიათ თავისუფალ სივრცეს შეუტიონ იქამდე, სანამ მოწინააღმდეგე პოზიციურ დაცვაში დადგება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ოკლაჰომა მებრძოლი და ხისტი გუნდია და განსაკუთრებით კარგად თამაშობს ლიდერების წინააღმდეგ. გოლდენ სტეიტთან, ჰიუსტონთან, კლივლენდთან და ტორონტოსთან 11 თამაშში მათ 7-ჯერ მოიგეს. ოკლაჰომა იშვიათი გუნდია, რომელსაც მობილიზების, ბრძოლისუნარიანობისა და ვარსკვლავური შემადგენლობის გათვალისწინებით შეუძლია, ჰიუსტონსა და გოლდენ სტეიტს რეალური პრობლემები შეუქმნას.

გზა ფინალისკენ

ოკლაჰომას არ გაუმართლა. ბოლო ტურში გამარჯვებამ გუნდს მეოთხე ადგილი და საშინაო პარკეტის უპირატესობა მოუტანა, თუმცა პირველივე წრეში მათი მოწინააღმდეგე იუტა ჯაზი იქნება - გუნდი, რომელიც დაცვაში NBA-ში საუკეთესოა. იუტას ცენტრი რუდი გობერი განსაკუთრებით კარგად იცავს სამწამიანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პირველივე წრეში ორი საუკეთესო დაცვითი ცენტრის - გობერი-ადამსის დაპირისპირებას ვიხილავთ. ოკლაჰომას იუტასთან ჩაყრა ძალიან გაუჭირდება. გობერი კი გაანეიტრალებს იმ უპირატესობას, რომელსაც ოკლაჰომას სხვა გუნდებთან სტივენ ადამსის ფაქტორი აძლევს და პრობლემებს შეუქმნის ვესტბრუკს სამწამიანში გარღვევაზე შესვლის დროს.

ტორონტო რეპტორსი [59-23]

ბოლო წლებში კანადელები პლეი ოფის უცვლელი წევრები არიან. თუმცა სუპერფინალამდე მიღწევა ვერცერთხელ ვერ შეძლეს. თითქმის ყველა შემთხვევაში, კანადელთა საჩემპიონო იმედები ლებრონ ჯეიმსმა მოსპო. წელს ტორონტოს, ალბათ, თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავს. კანადელებმა აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგეს, საშინაო პარკეტის უპირატესობაც მოიპოვეს და ბოლო წლებში პირველად მოხდა ისე, რომ ლებრონის გუნდი აღმოსავლეთში უპირობო ფავორიტი არ არის.

განსაკუთრებული გამოწვევა

ტორონტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გუნდის ლიდერებს, დემარ დეროზანსა და კაელ ლოურის, სხვა მოთამაშეებიც დაეხმარონ. ლოური და დეროზანი ძალიან კარგი კალათბურთელები არიან, თუმცა სუპერვარსკლავი არცერთი არ არის და პლეი ოფის დაძაბულ თამაშებში მათზე მეტისმეტად დიდი ზეწოლის პირობებში, ტორონტოს ჩაყრა, როგორც წესი, უჭირს. წელს პირველად, ტორონტო ლოურისა და დეროზანის გარეშეც ღირსეულად გამოიყურება. მათი სკამი კი სულაც ლიგაში საუკეთესოა და საშუალოდ 8.3 ქულით უგებს თავის ვიზავის.

ტორონტო რეპტორსის შეტევა ლოურისა და დეროზანის გარეშე

გზა ფინალისკენ

ტორონტოს პირველივე წრეში ტრავმებით გატანჯული ვაშინგტონი შეხვდება. შემდეგ კი მათი მოწინააღმდეგე ლებრონის კლივლენდი უნდა იყოს. ეს არის სერია, რომელსაც კანადელები მთელი წელია ელოდებიან და პირველად მოხდება ისე, რომ კლივლენდი ფავორიტი აღარ იქნება. კანადელთა მოლოდინსა და ეიფორიას ამცირებს ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე დღის წინ რეგულარულ ჩემპიონატში, კლივლენდმა ისინი კიდევ ერთხელ დაამარცხა, თუმცა საშინაო უპირატესონის ქონა მნიშვნელოვანი ფაქტორია და ტორონტო კლივლენდის დამარცხების შემთხვევაში, სუპერფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

ფილადელფია 76 [52-30]

ფილადელფია სიქსერსი წლის აღმოჩენაა! ბოლო წლებში ფილა ლიგაში ის გუნდი იყო, რომელზეც ყველაზე მეტს იცინოდნენ. სიქსერსი წლიდან წლამდე წაგებული თამაშების მიხედვით ანტირეკორდებს ამყარებდა. ბოლო წლების ცუდმა შედეგებმა სიქსერს დრაფტზე მაღალი ადგილები მოუტანა და საშუალება მისცა, რომ გუნდში ახალგაზრდა ტალანტები მოეგროვებინა. ლიგის ორი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯოელ ემბიიდი და ბენ სიმონსი სწორედ ფილადელფიაში თამაშობენ!

მთავარი გამოწვევა

ფილადელფიას მთავარი გამოცდილება გამოცდილების ნაკლებობაა. არავინ იცის, თუ რას უნდა ელოდეს ამ გუნდისგან. სიქსერსს ნებისმიერი მოწინააღმდეგის დაამარცხება შეუძლია, თუმცა შეიძლება, ნებისმიერ გუნდთანაც დამარცხდეს.

ფილადელფიასთვის უმნიშვნელოვანესი სულ ცოტა ხნის წინ გაკეთებული ტრეიდი იყო. მათ გუნდში ორი გამოცდილი მსროლელი, მარკო ბელინელი და ერსან ილიასოვა დაიმატეს. ორმა მსროლელმა ფილადელფიას სივრცე მოუტანა. მოწინააღმდეგეს უკვე აღარ შეუძლია მხოლოდ სამწამიანი გაამაგროს. პერიმეტრიდან ფილადელფია ბელინელი-ილიასოვა-რედიკის ტრიოთი უქმნის მოწინააღმდეგეს საფრთხეს. თუკი მოწინააღმდეგე პერიმეტრს იცავს, სივრცეში ძალიან კარგად შედის წლის მთავარი აღმოჩენა ბენ სიმონსი - მოთამაშე, რომელსაც თამაშის სტილით ლებრონს ყველაზე მეტად ამსგავსებენ. სიმონსს ვესტბრუკის მერე ყველაზე მეტი შეხება აქვს თამაშში (95 შეხება) და სწორედ ის უძღვება თამაშს.

ამ ტრეიდამდე ფილადელფიას 24 გამარჯვება და ამდენივე მარცხი ჰქონდა. ტრეიდის შემდეგ კი 28 გამარჯვება და 6 მარცხი დააგროვა - მათ შორის ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებების სერია.
მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჯოელ ემბიიდის ტრავმა. ემბიიდი სიმონსთან ერთად გუნდის ლიდერია, თუმცა ახალგაზრდა ტალანტს მუდმივად ტრავმები აწუხებს. ემბიიდი ლიგაში შეუჩერებელია და აღმოსავლეთში არცერთ გუნდს არ აქვს იმის რესურსი, რომ ემბიიდი დაკეტოს. რეგულარულ სეზონში ფილადელფია თავისი ცენტრის ტრავმატულობის გათვალისწინებით, მის სათამაშო წუთებს ზღუდავდა და ახლა, თუ იგი შეძლებს გაატაროს პარკეტზე თამაშის დიდი ნაწილი, ეს ფილადელფიას დიდ უპირატესობას მისცემს

გზა ფინალისკენ

ფილადელფიას ფინალისკენ გზაში გაუმართლა. პირველ წრეში მათ ტრავმებით გატანჯული ვაშინგტონი ხვდება, შემდეგ კი ბოსტონ სელტიკსი, რომელსაც ტრავმებმა გუნდის ძირითადი ბირთვი გამოაცალა - მათ შორის, კელტების ლიდერი კაირი ირვინგი. პოტენციურ ფინალში კლივლენდისთვის ფილადელფია უაღრესად უხერხული მეტოქეა. კლივლენდს არ აქვს რესურსი, რომ დაიცვას თავი ჯოელ ემბიდიისგან. მათი ერთადერთი ცენტრის, ტრისტან ტომპსონის გარდა, არცერთ მოთამაშეს არ აქვს შანსი, რომ 219 სანტიმეტრიანი კამერუნელის წინააღმდეგ რაიმე გააწყოს!

კლივლენდ კავალიერსი [50-32]

წლევანდელი სეზონი კლივლენდისთვის მღელვარე და ქაოტური გამოვიდა. სეზონის პირველ ნახევარში გუნდი, ფაქტობრივად, არ თამაშობდა, რასაც ტრეიდი, ახალი მოთამაშეების მოსვლა და განახლებული ფორმაციის გუნდის შექმნა მოჰყვა. სავარაუდოა, რომ ეს ლებრონ ჯეიმსის ბოლო სეზონია გუნდში, რაც კლივლენდში მღელვარებას კიდევ უფრო ზრდის. ამ ვითარებაშიც კი, კავალიერსი კვლავ უმიზნებს აღმოსავლეთ კონფერენციაში გაამარჯვებას.

მთავარი გამოწვევა

კლივლენდისთვის პლეი ოფში ორი ძირითადი გამოწვევა იქნება. პირველ რიგში, მათ რამე უნდა უშველონ თავის დაცვას, რომელიც კატასტროფულად გამოიყურება. ოჰაიოელები თამაშში 109-ზე მეტ ქულას იღებენ და ამ შედეგით პლეი ოფში წარმატების მიღწევა გაჭირდება.

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორი კი კლივლენდისთვის შემტევ ფაზაში კაირი ირვინგის შეცვლა იქნება. გუნდის თამაში მთლიანად ლებრონ ჯეიმსზეა დამოკიდებული. ლებრონი გუნდის შეტევების 31.6 პროცენტს ასრულებს სროლით ან მიღებული ჯარიმით. ლებრონივე ქმნის სამქულიან სროლებს გუნდელებისთვის (9.1 პასი თამაშში - იხილეთ სტატია). პლეი ოფში ლებრონზე ზეწოლა მოიმატებს. მოწინააღმდეგის დაცვის უპირველესი სამიზნე სწორედ  ის იქნება. ამ ვითარებაში მას ყველაზე მეტად კაირი ირვინგი ეხმარებოდა.

ირვინგს დამოუკიდებლად შეეძლო ჩაგდება და სროლების შექმნა. მოწინააღმდეგისთვის კი უკიდურესად რთული იყო, ორი ასეთი მოთამაშის დაკეტვა. კაირის გარეშე მოწინააღმდეგის დაცვა მთლიანად ლებრონზე იქნება კონცეტრირებული, დანარჩენი მოთამაშეებიდან, რომელიმემ კაირის როლი უნდა შეითავსოს.

გზა ფინალისკენ

კლივლენდს პირველ წრეში ინდიანა ხვდება, რომელიც ყველაზე პრობლემატური მოწინააღმდეგე არ უნდა იყოს. ამის შემდეგ, მათთვის ფინალისკენ ურთულესი გზა იწყება. კლივლენდმა სულ რამდენიმე დღის წინ გადამწყვეტი მატჩი წააგო ფილადელფიასთან და დათმო მესამე პოზიცია. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, კლივლენდს სულ მცირე ორი სერიის თამაში მოუწევს საშინაო პარკეტის გარეშე - ტორონტოს და ფილადელფიას წინააღმდეგ. ორივე ამ გუნდს კლივლენდის დამარცხების ამბიცია აქვს და წელს პირველად, რეალური საფრთხე ემუქრება ლებრონის უნიკალურ შედეგს - ზედიზედ 7 წელს სუპერფინალში.

ეს ექვსი გუნდი სუპერფინალის უპირველეს კანდიდატებად უნდა მივიჩნიოთ. დანარჩენ გუნდებს გაუჭირდებათ ფინალამდე მისვლა. ბოსტონი ბრწყინვალე რეგულარული სეზონის შემდეგ ტრავმებმა გატანჯა, ინდიანა და ნიუ ორლეანი მეტისმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდებია. ვაშინგტონს, მილუოკის, მაიამის და იუტას უბრალოდ ტალანტი და კლასი არ ეყოფათ, გამოცდილ სან ანტონიოს კი, მთელი სეზონია, გუნდის ლიდერი კავაი ლეონარდი აკლია და მისი პლეი ოფში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. მინესოტას და პორტლენდს  სუპერვარსკვლავები და საკმაოდ ნიჭიერი გუნდები ჰყავთ, თუმცა რესურსი და სიღრმე სუპერფინალამდე მისასვლელად არ უნდა ეყოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები