Thumbnail

ბელარუსის ბარიერი დაძლეულია და ახლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ნაბიჯი რჩება - 12 ნოემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში, გაისად ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში, ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

გამოდის, რომ ამ შემოდგომით ვლადიმირ ვაისის გუნდი მაკედონიელებს სამჯერ დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, იგორ ანგელოვსკის გუნდი ჩვენი მეტოქეა ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფშიც და სექტემბერში თბილისში უკვე ვეთამაშეთ (1:1). იმავე ტურნირში მეორედ დაპირისპირება სტუმრად რამდენიმე დღეში, 14 ოქტომბერსაც მოგვიწევს, მესამე და მთავარ თამაშზე კი ზემოთ უკვე ვთქვით…

ყველაფერი წინაა, თუმცა წინასწარვე ცნობილია ის საპრიზო თანხები, რომლის მიღება საქართველოს უეფასგან ისტორიული შანსის გამოყენების შემთხვევაში შეუძლია.

💶 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალში დამარცხებას და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას უეფა 9,25 მილიონი ევროთი დაგვიფასებს. ეს ის თანხაა, რომელსაც ევროპირველობის ყველა მონაწილე იღებს.

💶  ამას კიდევ ემატება ბონუსები, რომლებსაც ნაკრები ფინალურ სტადიაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მიიღებს: თითოეული მოგება 1,5 მილიონი ევრო ღირს, თითეული ფრე - 750 000 ევრო, ჯგუფიდან მომდევნო რაუნდში გასვლისთვის კი ბონუსი 2 მილიონი ევროა. 

💶 ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული უეფასგან 60 მილიონ ევროს მიიღებს, ფინალისტი - 7 მილიონს. 1/2-ფინალში გასვლა 5 მილიონად ფასდება, ხოლო 1/4-ფინალში გასვლა - 3.25 მილიონად.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი მოგება აშორებს

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება უეფას ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, D დივიზიონის ჯგუფის მოგებით დაიმსახურა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პლეი ოფის 1/2-ფინალში ბელარუსის ნაკრები (1:0) დაამარცხა, ჩრდილოეთ მაკედონიამ კი შინ კოსოვოს სძლია (2:1).

ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა.

კომენტარები

ბოლო ამბები