Thumbnail

8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ნომინალური ცენტრფორვარდი არ დააყენა - ამ ფუნქციას თორნიკე ოქრიაშვილი ასრულებდა. წინა მატჩისგან განსხვავებით, ნაკრების სასტარტოში 4 ცვლილება მოხდა - შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ლაშა დვალი და ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდნენ.

პირველივე წუთზე ბელარუსები ხვიჩა კვარაცხელიას ეუხეშნენ, თუმცა ჩაქირმა ბარათის მიცემისგან თავი შეიკავა.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, კვარაცხელიამ საჯარიმოში ოქრიაშვილი მოძებნა, რომელიც წააქციეს, თურქმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, თორნიკემ ეროვნული ნაკრების მაისურით თავისი მე-11 გოლი გაიტანა.

სტუმართა გუნდი უამრავ შეცდომას უშვებდა, მათ შორის მათი გოლკიპერებიც. თუმცა ვაისის გუნდმა ამ შეცდომების გამოყენება ვერ შეძლო. 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ ყაზაიშვილმა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ვაკოს დარტყმული ბელარუსთა გოლკიპერმა მოიგერია. მიუხედავად იმისა, რომ ვაისის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, მეტი გოლი ტაიმში აღარ გასულა. 

მეორე ტაიმიც საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. სტუმრებს კი საგოლე მომენტი 65-ე წუთამდე არ ჰქონიათ, როცა შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ლორიას კარს ოდნავ ააცილა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა, თუმცა შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა.

📺 საქართველო 1:0 ბელარუსი [მიმოხილვა]

საქართველო 1:0 ბელარუსი

გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (7-პენალტით)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე (82. ტაბიძე), კაშია, კვერკველია, დვალი - კანკავა, კვეკვესკირი - კვარაცხელია (89. ლობჟანიძე), კიტეიშვილი (65. გვილია), ყაზაიშვილი (82. შენგელია) - ოქრიაშვილი (89. ქვილითაია)

ბელარუსი (4-4-2): ხატკევიჩი - ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩევი (73. პეჩენინი) - ბახარი (64. პოდსტრელოვი), იაბლონსკი (63. სკავიში), ებონგი, ნეხაიჩიკი - ხაჩატურიანი (46. მაევსკი), ლისაკოვიჩი (70. ლაპტევი)

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სომხეთთან გამართავს. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები