Thumbnail
  • თურქეთთან 3:3-ის შემდეგ გერმანიის ნაკრებს მკაცრად აკრიტიკებენ
  • ლოთარ მათეუსის აზრით, ლიოვი ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს

ახლო წარსულში მრისხანე გერმანიის ნაკრები ფრეების გუნდი გახდა! თურქეთთან დაფიქსირებული 3:3 წელს ბუნდესგუნდისთის მესამე ფრეა. თანაც, გერმანელები თურქებს სამჯერ უგებდნენ! ერთ თამაშში გერმანიის ნაკრებს სამჯერ გაუთანაბრო ანგარიში, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ძნელია. უფრო სწორად, ძნელი უნდა იყოს. იოახიმ ლიოვის გუნდი კორონავირუსის წელიწადში კვლავ გამარჯვების გარეშეა. მანამდეც იყო ორი ფრე ესპანეთთან და შვეიცარიასთან (ორივე 1:1) და ორივე შემთხვევაში, გერმანია იგებდა და გაუთანაბრეს.

“პრობლემა არსებობს და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. პრობლემები უნდა მოვაგვაროთ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ლიოვმა.

'მიკვირს, როცა ნაკრებში ასეთ ფეხბურთელებს ვხედავ' - ლოთარ მათეუსი

გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი ლოთარ მათეუსი კი ყველაფერში სწორედ ლიოვს ადანაშაულებს. 59 წლის ლოთარმა თურქეთთან 3:3-ის შემდეგ ბუნდესმწვრთნელი მკაცრად გააკრიტიკა: “უკვე მეხუთედ მოხდა ისე, რომ გერმანია იგებდა და ვერ მოიგო. უშუალოდ თურქეთის ნაკრებთან კი სამჯერ ვიგებდით. ლიოვის ტაქტიკური შეცდომების გამო ისევ დავკარგეთ გამარჯვება. მიკვირს, როცა ვხედავ, რომ გერმანიის ნაკრებში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა, მაგალითად ნიკო შულცი, რომლებიც თავიანთ კლუბებში სათადარიგოთა სკამზე სხედან. აი, სწორედ ამიტომ აღარ რთავს არავინ ტელევიზორს გერმანიის ნაკრებისთვის.”

თურქეთთან ლიოვმა ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა - კაპიტანი დრაქსლერი იყო

აღსანიშნავია, რომ იოახიმ ლიოვმა თურქეთთან ტესტ-მატჩში გერმანიის ნაკრები ძალიან გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა და ბევრ ექსპერიმენტს მიმართა. მაგალითად, ბუნდესგუნდში არ იყვნენ მიუნხენის ბაიერნისა და ლაიპციგის ვარსკვლავები. შვეიცარიასთან მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში 8 ცვლილება იყო. კაპიტანი სულაც იულიან დრაქსლერი გახლდათ… მან ბოლო 3 წელიწადში ნაკრებში პირველი გოლიც გაიტანა.

გერმანია 3:3 თურქეთი

გოლები: 1:0 დრაქსლერი (45+1), 1:1 ტუფანი (50), 2:1 ნოიჰაუსი (58), 2:2 ქარაჯა (67), 3:2 ვალდშმიდტი (81), 3:3 ქარამანი (94)

გერმანია (3-4-3): ლენო - ემრე ჯანი, რ. კოხი, რიუდიგერი (59. თა) - ჰენრიხსი, ნოიჰაუსი (79. დაუდი), ბრანდტი (86. შტარკი), ნ. შულცი (70. გოზენსი) - ჰავერტცი (90. ამირი), ვალდშმიდტი, დრაქსლერი (59. ჰოფმანი).

კომენტარები

ბოლო ამბები