Thumbnail
  • ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ძიუდო უნგრეთის დედაქალაქში ბრუნდება
  • ვაჟთა ნაკრები ტატამიზე სრული, 14-კაციანი შემადგენლობით გავა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ქომაგს ძიუდოს ტურნირებიც უბრუნდება. პირველი მასშტაბური შეჯიბრი, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება, ბუდაპეშტის გრანდ სლემია. უნგრეთის დედაქალაქი შეჯიბრს 23-25 ოქტომბერს უმასპინძლებს და თუკი არაფერი შეიცვალა, ტატამიზე ერთბაშად 19 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებიდან ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ.), ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე (ორივე – 100 კგ.), ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ.) დარეგისტრირდნენ.

უნგრეთში ძალებს მოსინჯავენ საქართველოს ქალთა ნაკრებიც წევრებიც. ესენი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) არიან.

ამჟამინდელი ინფორმაციით, უნგრულ ტატამიზე 5 კონტინენტის 81 ქვეყნის 657 წარმომადგენელი (393 კაცი+264 ქალი) გავა. გრანდ სლემის წილისყრა 22 ოქტომბერს ჩატარდება, პრიზიორები კი ამ განრიგით გამოვლინდებიან: 23 ოქტომბერი – კაცები 60 და 66 კგ. ქალები 48 და 52 კგ; 24 ოქტომბერი – კაცები 73 და 81 კგ. ქალები 63 და 70 კგ; 25 ოქტომბერი – 90, 100 და +100 კგ. ქალები 78 და +78 კგ.

კომენტარები

ბოლო ამბები