Thumbnail

8 ოქტომბერს ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს ეთამაშება. სტუმართა გუნდს აკლია ბატე-ს ნახევარმცველი და ნაკრების მნიშვნელოვანი ფიგურა სტანისლავ დრაგუნი. მისი სახლში დატოვების ამბავი საკმაოდ სკანდალურია.

ოფიციალურად, ბელარუსის ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დრაგუნი ნაკრებში იმიტომ არ გამოიძახეს, რომ კორონავირუსი ჰქონდა და სხვების დაინფიცირების საფრთხე არსებობდა. თუმცა დრაგუნი უკვე ვარჯიშობს კლუბში, რაც ამ ვერსიის უსაფუძვლობაზე მიუთითებს. 

დრაგუნი აქტიურად მონაწილეობდა ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოსვლებში. ასე რომ, დიდი ალბათობით, მისი განზე გაწევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

pressball-მა ბატე-ს ფეხბურთელს კომენტარისთვის მიმართა: "არ მინდა არაფრის თქმა, რომ ბიჭები უკეთ მოემზადონ საქართველოსთან მატჩისთვის. დაე, მშვიდად ივარჯიშონ და თამაშზე იფიქრონ, ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც. წინ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია". როგორც ხედავთ, დრაგუნს სათქმელი აშკარად აქვს, მაგრამ ნაკრებისთვის მორიგი სკანდალით ხელის შეშლას არ აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ 32 წლის სტანისლავ დრაგუნს ეროვნულ ნაკრებში 68 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. მიხაილ მარხელის ხელმძღვანელობით მან 12-დან 10 მატჩში ითამაშა, 8-ში კი შეუცვლელად. 

კომენტარები

ბოლო ამბები