Thumbnail

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩზე, რომელიც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მაყურებლების გარეშე ჩატარდება. გახარიამ მიღებული გადაწყვეტილებაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა:

“ჩვენთან  200 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა არსებობს. მათ შორის, ღია სივრცეში. დისტანცია და პირბადე აუცილებლად უნდა იყოს დაცული. 16 ათასი ადამიანის ერთ სივრცეში სტადიონზე ყოფნა, თუნდაც ღია იყოს... რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, მე მესმის გულშემატკივრების გულგატეხილობა. მეც ასე ვარ. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, ამ თამაშზე დაშვებული რომ ყოფილიყო, მეც იქ ვიქნებოდი, მათთან ერთად. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ უეფას აღმასკომმა ადგილობრივ ხელისუფლებებს სანაკრებო მატჩებზე გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობის დასწრების საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება მისცა, რაც მასპინძელი გუნდის ფანებით სტადიონის ტევადობის 30%-ით შევსებას ითვალისწინებს. “დინამო არენა” 54 ათას მაყურებელს იტევს, ასე რომ, ბელარუსთან დაპირისპირებას მაქსიმუმ 16 000 გულშემატკივარი შეიძლება დასწრებოდა. მიუხედავად ამისა, თამაშის მაყურებლების გარეშე ჩატარება გადაწყდა.

ვლადიმირ ვაისის შეგირდები ბელარუსის ნაკრებს 8 ოქტომბერს 20:00 საათიდან თბილისის “დინამო არენაზე” დაუხვდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს ეთამაშება, საუკეთესო ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები