Thumbnail

‘მონდომებას ქართული ტექნიკა უნდა დავუმატოთ’ - ასე განაცხადა ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე დღის წინ. საქმე ის არის, რომ მარტო მონდომება და ტექნიკაც საკმარისი არ არის. ამ თამაშის მოსაგებად დაცვამ უშეცდომოდ უნდა ითამაშოს. ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და სწორ შემადგენლობას ვენდოთ.

რას უნდა ველოდოთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩში? რა ვითარებაა საქართველოს ნაკრებში, რა შემადგენლობას გამოიყვანს ვაისი და რა არის მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ ყველაფერზე ამ სტატიაში წაიკითხავთ.

როგორი იქნება შემადგენლობა?

მარტისთვის ვლადიმირ ვაისს ნაკრების ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებული ჰყავდა. სასტარტო თერთმეტეული იშვიათად იცვლებოდა და შემადგენლობის პროგნოზირება უფრო ადვილი იყო. იძულებითმა პაუზამ კი ბევრი რამ შეცვალა. ტრავმის გამო ნაკრებს ჯანო ანანიძე გამოაკლდა. გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. სამაგიეროდ, ქართულ ფეხბურთს ახალი ვარსკვლავი ყავს - ხუთშაბათის თამაშის წინ ყველას განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიასი გვეიმედება.

დაცვის ხაზი

ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი კითხვა არსებობს. ასეთ თამაშში მწვრთნელები ექსპერიმენტებს არ მიმართავენ, მით უმეტეს მეკარის პოზიციაზე და ევროპალიგაზე არცთუ დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, გიორგი ლორიას პოზიცია ეჭვს არ იწვევს.

დაცვაში საქმე უფრო რთულადაა. აქ ორი მთავარი კითხვაა: პირველი გურამ კაშიას ფაქტორს უკავშირდება, მეორე კი - დაცვის მარცხენა ფლანგს. კაშიას სექტემბერში ერთა ლიგაზე არ უთამაშია, არადა 2020 წელს ნაკრებს მხოლოდ ეს ორი თამაში აქვს ჩატარებული. მისი ამერიკული კარიერაც არცთუ ისე წარმატებით მიდის, ჩვენი ნაკრების ვიცე-კაპიტანს სათამაშო დრო შეუმცირდა. ამ ვითარებაში მთავარი კითხვა ასე ჟღერს: ვაისი მაინც კაშიას ენდობდა, თუ წინა ორი შეხვედრის მსგავსად, სოლომონ კვირკველიასა და დავით ხოჭოლავას დუეტზე გააკეთებს აქცენტს?

წაიკითხე აუცილებლად მოსაგები თამაში 30-წლიანი მოლოდინის შემდეგ

მისი ბოლო ინტერვიუდან გამომდინარე, რომელშიც მან კაშიას კარგ ფორმაზე და ლიდერულ თვისებებზე გააკეთა აქცენტი, ვაისს კაშიასი ჯერა და ვიცე-კაპიტანი ხუთშაბათს, სავარაუდოდ, ძირითადში იქნება. მის გვერდით კი ხოჭოლავა-კვირკველიას დუეტიდან ერთ-ერთი ითამაშებს.

'კანკავას და კაშიას გარეშე სრულფასოვანი გუნდი არ ვართ' - ვლადიმირ ვაისი

დაცვაში კითხვის ნიშანს იწვევს მარცხენა ფლანგი. მარჯვნიდან ოთარ კაკაბაძემ უკვე მიგვაჩვია, რომ ნაკრებში სტაბილურად თამაშობს და ვაისი მას მუდამ ენდობა. მარცხნივ სლოვაკი მწვრთნელის არჩევანი ასეთია: ჯიმი ტაბიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა დვალი, ან თუნდაც ისევ მარჯვენაფლანგელი ნიკა მალის, ან ჯაბა ჯიღაურის მათთვის არასტანდარტულ პოზიციაში დაყენება. ეს ექსპერიმენტი ვაისმა წინა შეხვედრებში უკვე ჩაატარა. ამჯერად, ჩვენი პროგნოზით, ისევ უფრო ნაცად კადრებს ენდობა.

ამ პოზიციაზე ვაისის არჩევანი საქართველოს ნაკრების სტრატეგიის შესახებ გულშემატკივარს თავიდანვე ბევრს ეტყვის: მაგალითად, ფიზიკურად უფრო ძლიერი და ხისტი ჯიმი ტაბიძის გამოჩენა იმის მანიშნებელი იქნება, რომ ვაისი უფრო ფრთხილია, ხოლო უფრო შემტევი გიორგი ნავალოვსკი, რომელსაც კარგად ეხერხება ფლანგური ჩაწოდებები და შეტევაში ჩართვა, იმის მანიშნებელი იქნება, რომ ვაისს სურს, მისმა გუნდმა მატჩის დიდი ნაწილი დიდი ძალებით მეტოქის ნახევარზე გაატაროს და ფლანგის მცველები აწეულები იქნებიან.

ნახევარდაცვა

ნახევარდაცვის ხაზში ნაკრების მთავარი იმედი ჯაბა კანკავაა. კაპიტანი სექტემბრის თამაშებშიც საუკეთესო იყო და სწორედ ის განსაზღვრავს სათამაშო ბალანსს ვაისის ნაკრებში. მის წინ ერთდროულად სამი შემტევია განლაგებული და კანკავას სიხისტე, მისი პოზიციური თამაში, მისი უნარი, დააზღვიოს თანაგუნდელები და შეავსოს სივრცეები, გადამწყვეტია იმ დროს, როდესაც მოსაგები თამაში გვაქვს და ჩვენს ნახევარზე დარჩენილ სივრცეებში მეტოქის კონტრშეტევებს უნდა ავარიდოთ თავი. კაპიტანზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ნახევარდაცვაში მთავარი კაცი ჯაბა კანკავაა

ესტონეთთან და მაკედონიასთან კანკავას გვერდით ნიკა კვეკვესკირი იდგა, თუმცა ოთარ კიტეიშვილი ნაკრებში დაბრუნდა და სავარაუდოა, რომ ვაისი მოედნის ცენტრში ისევ კანკავა-კიტეიშვილის დუეტს დაეყრდნობა. გასათვალისწინებელია, რომ კვეკვესკირისა და აბურჯანიას ვარიანტებიც გვაქვს. თუკი კიტეიშვილი უფრო დინამიური და მოძრავია, კვეკვესკირს ბურთის დაჭერა უფრო ეხერხება და მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისი ეს თვისება საჭიროც გახდეს. წინა ორ შეხვედრაში ნიკა თამაშში 67 გადაცემას ასრულებდა (ყველაზე მეტი საქართველოს ნაკრებში) და ზუსტი პასების ასტრონომიული, 91-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა.

შემტევი ხაზი

მატჩის წინ მთავარი კითხვა ის არის, თუ ვის ენდობა ვაისი შემტევი სამეულის პოზიციაზე. საქართელოს ნაკრებს ამ პოზიციაზე ყველაზე მეტი არჩევანი აქვს: კვარაცხელია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, გვილია, შენგელია, ლობჟანიძე.

ხვიჩა კვარაცხელია აუცილებლად ითამაშებს. მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, სხვაგვარად წარმოუდგენელია. დიდი ალბათობით, ძირითადში იქნება თორნიკე ოქრიაშვილიც, რომელიც ვაისის გუნდში შეუცვლელად თამაშობს და სექტემბრის შეხვედრებში აქტიურად გამოიყურებოდა (გოლი, თამაშში საშუალოდ 51.5 პასი, ზუსტი პასების 91.3 პროცენტი და თამაშში თანაგუნდელების საშუალოდ 2-ჯერ გაყვანა დასარტყმელ პოზიციაში).

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი ბელარუსთან

დარჩენილ ერთ პოზიციაზე თამაშის ყველაზე მეტი შანსი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო, ყაზაიშვილს აქვს. ვაკომ სექტემბრის თამაშები გამოტოვა. გასათვალისწინებელია ვაკო გვილიას ფაქტორიც. გვილია, შესაძლოა, ამ პოზიციის სხვა მოთამაშეებს ტექნიკით ჩამოუვარდება, თუმცა სხვებზე მეტად დინამიურია, დაცვას კარგად ეხმარება და თუკი ვაისს გუნდის დაცვით ვარიანტზე გადაყვანა მოუნდა, გვილია მას ძალიან გამოადგება.

თავდასხმაში ნიკა კაჭარავას და გიორგი ქვილითაიას თამაშის დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ. კაჭარავამ თავი ესტონეთთან სექტემბერში გამოიჩინა. ქვილითაიამ კი წინა შესარჩევის დროს თავი იმით დაგვამასხოვრა, რომ დაბალი შედეგიანობის მიუხედავად, ძალიან დიდი მოცულობით შავ სამუშაოს ასრულებდა.

რას ველოდოთ ბელარუსისგან

მიუხედავად იმისა, რომ კლასით და ნიჭით ბელარუსთან აშკარა უპირატესობა გვაქვს, თამაში იოლი არ იქნება. რამდენიმე უპირატესობა მეტოქესაც აქვს. ბელარუსის მოთამაშეთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი ჩემპიონატიდანაა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო არ გაჩერებულა. შესაბამისად, მათი სეზონი არ განსხვავდებოდა სტანდარტული საფეხბურთო ციკლისგან. მათგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმეტესობას იძულებითი სამთვიანი პაუზა და ჩვეული სათამაშო ციკლის დარღვევა მოუწია, რაც სათამაშო ფორმაზე დადებითად არ აისახება.

სხვა ფაქტორიც არის. 2020 წელს ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. ისიც ერთა ლიგაზე, სექტემბერში, ესტონეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ. ბელარუსს ოთხი ასეთი შეხვედრა და საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი ციკლი ჰქონდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვირუსისა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ნაკრები გულშემატკივრის მხარდაჭერას კარგავს, ანუ იმ უპირატესობას, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრები სახლში და გასვლაზე სხვადასხვა გუნდია.

ამ თამაშში ბევრი გოლების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ბელარუსს გატანა უჭირს, თუმცა დაცვაშიც ისე დგას, რომ ბევრს არ უშვებს. ბოლო სამი წლის მანძილზე 19 ჩატარებულ შეხვედრაში, თუ არ ჩავთვლით ბელარუსისთვის არაადეკვატურად ძლიერ მეტოქეებთან, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან გასვლით შეხვედრებს, მათ თამაშებში არცერთხელ არ გასულა 3 გოლზე მეტი - არც ბელარუსს გაუტანია 2 გოლზე მეტი და არც მეტოქეებს მისცა ორ გოლზე მეტის გატანის საშუალება.

მეტიც, ამ 19 თამაშში ბელარუსმა სულ რაღაც ოთხჯერ მოახერხა 1 გოლზე მეტის გატანა. აქედან ორჯერ, ეს სან მარინოს და ლუქსემბურგის წინააღმდეგ მოხდა. ეს ტენდენცია წელს გრძელდება. 2020 წელს ბელარუსის მონაწილეობით ჩატარებულ 4 შეხვედრაში მხოლოდ 7 გოლი გავიდა. მოკლედ, ბელარუსის მაქსიმუმი 1 გოლია. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებიც ვაისის ხელში მთელი მისი შემტევი პოტენციალის მიუხედავად, უფრო სოლიდურად დაცვაში გამოიყურება.

ქვიზი | როგორ იცი ქართული ფეხბურთი

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ის იქნება, რომ არ მივცეთ ბელარუსს თუნდაც მინიმალური შანსი, ის ერთი გოლი, რომ გაიტანოს. ჩვენი მეტოქე ფსონს სტანდარტებზე, ან ჩვენს შეცდომაზე ჩამოვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბურთის დაკარგვის შემდეგ, შეტევიდან დაცვაში გადმოწყობა მოვასწროთ. ბელარუსის ნაკრებიც და მათი მთავარი გუნდი ბატეც აქცენტს დაკარგვების შემდეგ ღია სივრცეებში კონტრშეტევებზე აკეთებს.

საქართველოს გატანა უჭირს. მეტიც, კარში დარტყმებამდეც იშვიათად მივდივართ. ბოლო 8 ოფიციალურმა შეხვედრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევსა და ერთა ლიგაზე ამაში დაგვარწმუნა. თუ არ ჩავთვლით გიბრალტარის უსუსტეს ნაკრებს, საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ამბობს, რომ ბურთის ფლობას ნორმალურად ვახერხებთ, თუმცა მომენტების შექმნა გვიჭირს. საერთოდაც, ბოლო 8 ოფიციალური შეხვედრიდან 6-ში (გიბრალტარს ისევ და ისევ არ ვთვლით) მეტოქის კარში 2-ზე მეტჯერ არ დაგვირტყამს, თუმცა ბურთის ფლობა ოთხჯერ 50 პროცენტზე მეტი გვქონდა, 40-პროცენტიან მაჩვენებელს კი მხოლოდ ერთხელ ჩამოვცდით. ანუ, ბურთი გვაქვს, თამაში თანაბარია, მომენტები კი გვიჭირს.

ეს ტენდენცია სექტემბრის თამაშებშიც გამოჩნდა. ესტონეთსაც და 10-კაციან ჩრდილოეთ მაკედონიასაც ვჯობდით, ბურთიც გვეჭირა, თუმცა ერთ გოლზე მეტი ვერცერთ თამაშში ვერ შევაგდეთ.

ბევრი გოლები ბელარუსთანაც გაჭირდება, ამიტომ, ისეთი გოლი არ უნდა გავუშვათ, როგორიც მაკედონიამ გაგვიტანა - ანუ, ჩვენი შეცდომის შედეგად. სხვანაირად, ბელარუსს გატანა გაუჭირდება და 90 წუთში ჩვენი შემტევები თუნდაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე სულ მცირე ერთხელ მაინც გაიტანენ. რაც არ უნდა გვიჭირდეს სისტემურად პოზიციური შეტევა, ტალანტში, ტექნიკასა და ინდივიდუალიზმში სხვაობა იმდენად დიდია, რომ 90 წუთის მანძილზე ეს ფაქტორები გარდატეხას აუცილებლად მოახდენს.

ვინ არის ყველაზე სახიფათო?

მოედნის შუაში ყველაზე დიდი ყურადღება ბატეს იგორ სტასიევიჩს უნდა დავუთმოთ. გუნდის თამაში სწორედ მას მიჰყავს. სტასიევიჩმა წინა ორ შეხვედრაში თანაგუნდელები სამჯერ გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, საგოლე პასიც ჩაიწერა თავის აქტივში და თამაშში საშუალოდ შესრულებული 49.5 პასით ბურთის გათამაშებაში მონაწილეობას აქტიურად იღებდა. საგოლე მომენტების შექმნა და შემტევი თამაშის ორგანიზება ბელარუსის ნაკრებში სწორედ სტასიევიჩს აბარია.

ბელარუსის მეორე ლიდერი ასევე ბატეს ნახევარმცველი ევგენი იაბლონსკია, რომელიც თამაშში საშუალოდ 59 გადაცემით შუა ხაზში ყველაზე აქტიურია და ბურთის გათამაშებაში მთავარი როლი აკისრია. იაბლონსკი თავის გუნდში ყველაზე ხშირად ურტყამს. თამაშში მას საშუალოდ 2.5 დარტყმა აქვს და მუდამ საჯარიმოს გარედან, შორი დისტანციიდან ემუქრება მეტოქის კარს.

წაიკითხე‘ბელარუსს საქართველოს დამარცხება შეუძლია’ - ინტერვიუ სერგეი ბოროვსკისთან

პრესინგის დროს გასათვალისწინებელია მეტოქის დაცვის ლიდერის, კრასნოდარის ალექსანდრ მარტინოვიჩის ფაქტორი. მარტინოვიჩი იწყებს შეტევებს და თავის გუნდში ყველაზე მეტ (66) გადაცემას ასრულებს. საქართველოს ნაკრების პრესინგის მთავარი სამიზნე სწორედ მარტინოვიჩი უნდა იყოს.

ვაისის გუნდისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ მეტოქეს ვირუსის (თუ პოლიტიკური ფაქტორის) გამო შემტევ ხაზში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ბატეს სტანისლავ დრაგუნი აკლია.

დასკვნა

ამ ფაქტორების ანალიზი მხოლოდ ერთ რამეში გვარწმუნებს - მძიმე მატჩი გველის, თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელთაა. თუ შეცდომებს თავს ავარიდებთ და ჩვენი შესაძლებლობების დიდ ნაწილს მაინც ვაჩვენებთ, ბელარუსს მოვუგებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები