Thumbnail
  • ჯანო ანანიძის ვრცელი წერილი საქართველო - ბელარუსის მატჩზე
  • 27 წლის ფეხბურთელი გამარჯვებაში დარწმუნებულია

ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. 27 წლის ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერი საქართველოს დიდი გამარჯვების და ბედნიერების დღე იქნება.

ანანიძე გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ტრავმის გამო არ შეუძლია დაეხმაროს გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, მაგრამ დარწმუნებულია რომ ნაკრების დღევანდელი შემადგენლობა იმსახურებს ისტორიული გამარჯვების მოპოვებას.

ჯანო ანანიძე: "8 ოქტომბერი, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელარუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ახარებს ნაკრების გამარჯვება და წარმატება. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ნაკრები სრულად შეიკრიბა, ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ემზადებიან ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის. ზუსტად ვიცი, როგორი განწყობა და შემართებაა საქართველოს ნაკრებში და ისიც ზუსტად ვიცი თუ რაოდენ დიდია თითოეული ქართველი ფეხბურთელის პასუხისმგებლობა მოახლოებული თამაშის წინ, რადგან მეც ამ პროცესის და ამ მატჩის მოლოდინის უშუალო მონაწილე ვიყავი და რომ არა ეს დაუსრულებელი ტრავმა, რომელიც ვერაფრით ვერ მოვირჩინე ამ დრომდე, მეც ისეთივე შემართებითა და ძალების სრული მობილიზებით ვიქნებოდი ჩართული, ჩემი კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოსამზადებელ პროცესში.
ვიქნებოდი იქ, სადაც არიან ქართველი ფეხბურთელები. ის ბიჭები, ვისთან ერთადაც პირადად მეც ძალიან მძიმე და რთული გზა გავიარე. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს გავლენ ეროვნულ სტადიონზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბელარუსი დაამარცხონ. ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მათგანი, კარიერის საუკეთესო თამაშს ითამაშებს და შეძლებს იმ ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოებას, რომლისკენაც ამდენი ხანია ყველა ერთად მივდივართ.

ეს შემადგენლობა იმსახურებს იმას, რომ მიაღწიოს ისტორიულ წარმატებას და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, თუმცა ამისათვის ჯერ ბელარუსის ნაკრებია დასამარცხებელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და იმ ბიჭებს, რომლებიც 8-ში მინდორზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველების გასახარებლად. წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული. ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომეცა საშუალება მინდორზე მათთან ერთად დავხარჯულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში. ვწუხვარ, რომ ასე აეწყო ჩემი კარიერა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტორმბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას".

ჯანო ანანიძის პოსტი ინსტაგრამზე

ჯანო ანანიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 45 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს მან ეროვნულ გუნდში ზუსტად 1 წლის წინ გიბრალტარის წინააღმდეგ ითამაშა.

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება და მასზე მაყურებლები არ დაიშვებიან. წყვილში გამარჯვებული გუნდი 12 ნოემბერს, ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას ან კოსოვოს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები