Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი გამოცდილი ჯიუნეით ჩაქირი იქნება, რომელსაც ბაჰათინ დურანი და თარიქ ონგუნი დაეხმარებიან. მე-4 მსაჯის მოვალეობას კი მეთე კალკავანი შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე ვიდეო-რეფერი იმუშავებს, რაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდება. ვიდეო-რეფერის ოთახშიც თურქები იმუშავებენ - აბდულქადირ ბიტიგენი და ჰუსეინ გიოჩეკი.

43 წლის ჯიუნეით ჩაქირი ძალზე გამოცდილი არბიტრია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა და საერთაშორისო მატჩებს 2009 წლიდან ემსახურება. თუმცა საქართველოს ნაკრებთან მისი გზა პირველად გადაიკვეთა. 2007 წელს თურქმა არბიტრმა საქართველოს თასის ფინალი იმსაჯა თბილისის ამერსა და ზესტაფონს შორის (1:0).

ჩაქირმა ბოლოს 4 ოქტომბერს, თურქეთის სუპერლიგის მატჩი იმსაჯა (ქასიმპაშა-გალათასარაი) და ფეხბურთელებს 2 ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლო 10 მატჩში მან 42 ყვითელი ბარათი (საშუალოდ თამაშში 4.2) და 2 წითელი ბარათი (0.2) გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ საქართელოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" მაყურებლის გარეშე გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები