Thumbnail
  • მიხაილ მარხელმა 8 ოქტომბერს თბილისში გასამართ მატჩზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
  • ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები ალბანეთს შეადარა
  • სპეციალისტისთვის ცარიელ დინამო არენაზე თამაში გაცილებით კომფორტულია 

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა თბილისში გამომგზავრებამდე ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრები დაახასიათა და ის ალბანეთს ეროვნულ გუნდს შეადარა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ბელარუსები მინსკში დამარცხდნენ (0:2). 

ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ვლადიმირ ვაისის გუნდი ბელარუსს უმასპინძლებს, 8 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა "დინამო არენაზე" უმაყურებლოდ გაიმართება.
 
"კარგად შეკრული, კარგი ევროპული დონის გუნდია. მას ალბანეთის ნაკრებს შევადარებდი, რომელსაც სექტემბერში ვეთამაშეთ. შემადგენლობა დაბალანსებული ჰყავთ, სადაც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელია. პრაქტიკულად ყველა მათგანს აქვს სათამაშო პრაქტიკა კლუბში. დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე მატჩის ჩატარება მოგვიწევს", - ამბობს სპეციალისტი.

ბელარუსის ნაკრებმა თბილისური მატჩის წინ სტუმრად ყაზახეთში გაიმარჯვა

მარხელს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - ვაკო გვილია და გიორგი ნავალოვსკი შეახსენეს, რომლებსაც თავის დროზე ბელარუსში, ბორისოვოს ბატე-სა და მინსკის დინამოში უთამაშიათ.

"რა თქმა უნდა, მახსოვს ეს მოთამაშეები. კლასიანი ბიჭები არიან, მაგრამ უკვე დიდი დროა გასული, რაც ჩემპიონატები შეიცვალეს. შესაბამისად, მათი ჩვენთან ყოფნით მეტოქე რაიმე სასარგებლო ინფორმაციას ვერ მიიღებს".

ბელარუსის ნაკრებს, რომელიც ჩვენს მსგავსად, ერთა ლიგის C დივიზონში გამოდის,  11 და 14 ოქტომბერს მატჩები, შესაბამისად, სტუმრად ლიეტუვასა და შინ ყაზახეთთან უწევს, თუმცა მარხელის თქმით, მთელი ყურადღება, რა თქმა უნდა, თბილისური შეხვედრისკენაა მიმართული:

"აბსულუტურად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქართველებთან დუელი ლიეტუვასა და ყაზახეთთან მატჩებს ჩრდილავს. ბელარუსის ნაკრებს ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი უწინ არც ჰქონია და ბუნებრივია, რომ მთელი ჩვენი ყურადღება პირველ თამაშზეა გადატანილი.

იმედი მაქვს, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები, პირველ რიგში, გამოცდილები, ფსიქოლოგიურ წნეხს გაუმკლავდებიან და იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც თბილისში თამაში მოუწევთ, თავდაჯერებას შემატებენ".

საქართველო-ბელარუსის მატჩს ქომაგი ვერ დაესწრება

მერხელმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, "დინამო არენაზე" შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება:

"ჩემი წარმოდგენით, ფეხბურთი მაყურებლების გარეშე მკვდარი ფეხბურთია. მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც მოგებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშს ვამჯობინებ, რადგან რაც არ უნდა იყოს, გულშემატკივრების ფაქტორი მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა საქართველოს ნაკრებისთვის".

კომენტარები

ბოლო ამბები