Thumbnail
  • მანჩესტერში გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები არ მოსწონთ
  • ოლე გუნარ სულშერს კიდევ ცოტა ხანს აცდიან

ინგლისური მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელები ტოტენჰემთან 1:6 მარცხის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს გაშვებას უპირებენ და ახალ დამრიგებელს ეძებენ.

The Guardian-ის ინფორმაციის თანახმად, ნორვეგიელი სპეციალისტის შემცვლელად "წითელი ეშმაკები" მაურისიო პოჩეტინოს განიხილავენ. არგენტინელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა იუნაიტედს ადრეც სურდა, თუმცა მაშინ არ გამოუვიდათ. ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ კი იუნაიტედის ხელმძღვანელობამ პოჩეტინოსთან მოლაპარაკებები განაახლა.

მაურისიო ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი 2014-19 წლებში იყო. მისი გაშვების შემდეგ, 48 წლის სპეციალისტის ადგილი ჟოზე მოურინიომ დაიკავა. არგენტინელი ასევე წვრთნიდა ესპანიოლს და საუთჰემპტონს.

პოჩეტინოს პრემიერლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ინგლისში კარგი ასპარეზობისა, არგენტინელმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია ევროტურნირებზეც. მაურისიოს მიერ გაწვრთნილმა ტოტენჰემმა 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, სადაც ლივერპულთან დამარცხდა.

სავარაუდოდ, ოლე გუნარ სულშერს სანაკრებო პაუზის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს აცდიან. თუ შედეგები არ გამოსწორდება, მისი განთავისუფლება უფრო რეალური გახდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები