Thumbnail
  • ბუფონის გაძევებაზე დისკუსიები გრძელდება.
  • ანდრეა პირლომ იუვენტუსის მეკარე დაიცვა.
  • იუვეს ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ ჯიჯი გააკრიტიკა.

ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონის გაძევება საფეხბურთო სამყაროსთვის სალაპარაკო თემა კიდევ დიდხანს იქნება. დისკუსიები გრძელდება და ოთხშაბათს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მომხდარს უფრო და უფრო მეტი ფეხბურთელი და ექსპერტი ეხმაურება.

იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი - ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. პირადად მე, საფინალო სასტვენამდე 10 წამით ადრე ასეთ პენალტს არ დავნიშნავდი! - ანდრეა პირლო

ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო

“მოედანზე რომ ვყოფილიყავი, ასეთი მარცხის გამო მეც ძალიან გავბრაზდებოდი. არ ვიცი, რას გავაკეთებდი ბუფონის ადგილზე, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ემოციური რეაქცია მექნებოდა,” - უთხრა “გაძეტა დელო სპორტს” ლეგენდარულმა ანდრეა პირლომ, რომელმაც კარიერა გასული წლის ნოემბერში დაასრულა და დასძინა: “როცა ვიღაც საფინალო სასტვენამდე 10 წამით ადრე 90-წუთიან შრომას წყალში ჩაგიყრის, რა გასაკვირია, რომ გაგიჟდე და საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგო.”

ბუფონს ფეხბურთში ერთ-ერთი უდიდესი ჯენტლმენის სახელი აქვს. ამიტომაც გაუკვირდა ბევრს, როცა ჯიჯიმ მატჩის მეორე დღეს ინგლისელ მსაჯს ცხოველი უწოდა. თუმცა იყო სხვა კომენტარებიც, სადაც 40 წლის იტალიელი მეკარე შედარებით რბილად საუბრობდა - გულის ნაცვლად, მკერდში ნაგვის ყუთი აქვსო.

“ეს მისი უკანასკნელი მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაში და ლოგიკურია, რომ ამ თამაშის მოგება ძალიან უნდოდა, - ესეც პირლოს სიტყვებია, - თანაც, ტურინში 0:3 ჰქონდათ წაგებული და მადრიდში ასეთი ჩამორჩენა რომ შემოატრიალეს, ამ ფაქტმა იუვეს ფეხბურთელების ემოციებზე კიდევ უფრო მეტად იმოქმედა. რაც შეეხება პენალტს - მსაჯს შეეძლო პენალტი არ დაენიშნა, მაგრამ ვერც იმის გამო გავაკრიტიკებთ, რომ დანიშნა. იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი - ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. პირადად მე, საფინალო სასტვენამდე 10 წამით ადრე ასეთ პენალტს არ დავნიშნავდი.”

დელ პიერო: ვფიქრობ, ჯიჯი სხვა სიტყვებს შეარჩევს

დელ პიერო და ბუფონი

თემას არ ეხება, მაგრამ აქვე ვთქვათ, რომ პირლომ მის გამოსათხოვარ მატჩზეც ისაუბრა.

ეს შეხვედრა 21 მაისს, “სან სიროზე” გაიმართება და მასში ანდრეას მეგობრები და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი იტალიელები ითამაშებენ. მათ შორის, ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო დელ პიერო და ა.შ.

დელ პიერო ვახსენეთ და, ცხადია, ბუფონის შემთხვევაზე იუვენტუსისა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდარულმა ათიანმაც ისაუბრა.

ალექსმა ჯიჯი გააკრიტიკა: “სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, რომ ჯიჯიმ მართლა თქვა მსაჯზე ასეთი რამ. ვგულისხმობ იმას, რომ ბუფონმა არბიტრს ცხოველი უწოდა. თუმცა მისი კარგად მესმის, ძალიან გაბრაზდა. ვფიქრობ, ბუფონი თავის ნათქვამზე იფიქრებს და რამდენიმე დღეში სხვა სიტყვებს შეარჩევს,” - განაცხადა 43 წლის დელ პიერომ.

სტეფანო ტაკონი: ბუფონის ადგილზე მსაჯს მაგრად ვცემდი!

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სტეფანო ტაკონიმ აღნიშნა, რომ უფრო უარესად მოიქცეოდა: “მე რომ ჯიჯის ადგილზე ვყოფილიყავი, მსაჯს სახეს “გავულამაზებდი”, მაგრად ვცემდი! ამ სეზონის მერე ხომ მაინც ამთავრებს კარიერას. იუვეს რეალის ბარიერი რომ გადაელახა, დარწმუნებული ვარ, ფინალშიც გავიდოდა და ეს ბუფონის გრანდიოზული კარიერის უდიდესი ფინალი იქნებოდა. ასეთ თამაშში, მატჩის ბოლო წამებზე ასეთი პენალტის დადება დანაშაულია!”

► “შენი ადგილი ჯოჯოხეთშია!” რა უთხრა ბუფონმა მსაჯს

► საუკუნის ქურდობა | ექსპერტები, მედია და ქომაგი რეალი-იუვეს სკანდალურ მატჩზე

ბუფონის გულახდილი ინტერვიუ (იხილეთ ვიდეო) 

კომენტარები

ბოლო ამბები