Thumbnail

როლან გაროსი | ჯოკოვიჩმა იოლად მოიგო და ნადალის რეკორდი გაიმეორა

ვაჟთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა, რაც მის სახელოვან კარიერაში მეთოთხმეტედ მოხდა და ამით, ესპანელ რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. 33 წლის სერბმა ჩოგბურთელმა მე-15 განთესვის მქონე რუს კარენ ხაჩანოვთან ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და შეხვედრაში, რომელიც თითქმის ორსაათნახევარს გაგრძელდა, 6:4, 6:3, 6:3 მოიგო.

ჯოკოვიჩს პირველ მოწოდებაზე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი (70%) ჰქონდა, რისი წყალობითაც თავისი მოწოდება მხოლოდ 2-ჯერ წააგო, თავად კი, 15 ბრეიკ-პოინტიდან 6 გამოიყენა. საბოლოო ჯამში, ნოვაკმა 112 გათამაშება მოიგო, კარენმა კი – 88.

ამგვარად, როლან გაროსის ვაჟთა ბადეში გამოსარკვევი მხოლოდ ერთი მეოთხედფინალისტიღა დარჩა. დღესვე ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა (მე-17 განთესვა) გერმანელ დანიელ ალტმაიერს (ის მსოფლიოს მხოლოდ 186-ე ჩოგანია) ეთამაშება და მათ შორის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე სწორედ ჯოკოვიჩს ეთამაშება.

უკვე ცნობილია ¼-ფინალის დანარჩენი წყვილები: რუბლიოვი (რუსეთი)-ციციპასი (საბერძნეთი), შვარცმანი (არგენტინა)-ტიმი (ავსტრია), სინერი (იტალია)-ნადალი (ესპანეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები