Thumbnail
  • ბაიერნმა დუგლას კოშტა და ერიკ ჩუპო-მოტინგი დაიმატა
  • 'რეკორდმაისტერმა' ორივე ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა

როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის ბაიერნმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ორი ფეხბურთელი დაიმატა - დუგლას კოშტა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი. 30 წლის ბრაზილიელი შემტევი მიუნხენურ გიგანტში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ე.წ. "მშრალი" იჯარით ითამაშებს და კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

იუვენტუსის ახლა უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბაიერნში დაბრუნებით ბედნიერია: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ბაიერნში ვითამაშებ. მიუნხენში მშვენიერი დრო გავატარე ბევრი წარმატებით და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ბევრ ტიტულს მოვიგებთ".

დუგლას კოშტა ბაიერნის ღირსებას 2015-2017 წლებში იცავდა და 77 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. 2017 წელს ის იუვენტუსში იჯარით გადავიდა და ტურინელებმა 2018 წლის ზაფხულში გამოისყიდეს. ბრაზილიელმა იტალიურ გრანდში 103 მატჩში თავი 10-ჯერ გამოიჩინა.

მეორე ახალწვეული კი ცენტრფორვარდი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგია. ბაიერნმა კამერუნელი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენიდან უფასოდ დაიმატა და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. ჩუპო-მოტინგს გერმანიაში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია, რადგან იქ ჰამბურგის, ნიურნბერგის, მაინცისა და შალკეს ღირსებას იცავდა, შემდეგ კი ინგლისურ სტოკში ითამაშა. პსჟ-ში კამერუნელი თავდამსხმელი 2018 წლიდან იყო და 51 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. რეკორდმაისტერში ჩუპო-მოტინგი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები