Thumbnail

იუვენტუსის ფეხბურთელი დუგლას კოშტა კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ყველაფერი შეთანხმებულია და ორშაბათს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

დუგლას კოშტა ბაიერნში ერთწლიანი, ე.წ. "მშრალი" იჯარით დაბრუნდება და მიუნხენურ გრანდს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. კოშტა "რეკორდმაისტერში" 2015-17 წლებში თამაშობდა და 77 მატჩში 14 გოლი გაიტანა. იუვენტუსში კი 2017 წლიდან მოყოლებული, 103 შეხვედრაში ითამაშა თავი 10-ჯერ გამოიჩინა.

დუგლასის გაშვებამ იუვეს ფედერიკო კიეზას დამატების შესაძლებლობა მისცა. იტალიელ შემტევს ერთი ნაბიჯი აშორებს ტურინულ გრანდამდე და რომანოს ინფორმაციით, ყველაფერი შეთანხმებულია. ფედერიკო შავ-თეთრებს იჯარით შეუერთდება, რომლის ღირებულება პირველ წელს 2 მილიონი ევრო, ხოლო მეორე წელს 8 მილიონი ევრო იქნება. შემდეგ კი იუვეს მისი გამოსყიდვის უფლება 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ ექნება.

პარალელურად, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ კიეზამ იუვენტუსში გადასვლამდე ფიორენტინასთან კონტრაქტის განახლების შესახებ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რადგან "იებთან" ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება და მისი გახანგრძლივების შემთხვევაში, იუვეში იჯარით გადავა.

გარდა ამისა, გადაწყვეტილია, რომ იუვენტუსს მატია დე შილიო დატოვებს. იტალიელი მცველი იჯარით ლიონში გადადის. სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და შესაბამისად, სამივე გარიგების გაოფიციალურება დღის ბოლომდე იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები