Thumbnail

ფარსი ტურინში - ნაპოლი სახლში იყო, იუვენტუსი მაინც ელოდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის მატჩი იუვენტუსსა და ნაპოლის შორის არ გაიმართა. ტურინელები მოედანზე გავიდნენ, ანდრეა პირლომ ძირითადი შემადგენლობაც გამოაქვეყნა, მაგრამ ნაპოლი ტურინში საერთოდ არ წასულა. და ეს იუვენტუსში კარგად იცოდნენ...

ტურინელთა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი წესებს იცავს, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელი კოლეგა აურელიო დე ლაურენტისი თამაშის გადადებას სთხოვდა.

"პროტოკოლი ნათელია და საჭიროა წესებს პატივი ვცეთ. აურელიო დე ლაურენტინსმა მომწერა და თამაშის გადადება მთხოვა, რაც ლეგიტიმური მოთხოვნაა. მე კი ვუპასუხე, რომ იუვენტუსი წესებს იცავს. თუ ამას გავაკეთებთ, შეცდომას დავუშვებთ როგორც სპორტსმენების, ისე მოქალაქეების წინაშე. გამარჯვება ყოველთვის მოედანზე მირჩევნია," - განაცხადა ანიელიმ.

ნაპოლი ტურინში მას შემდეგ არ გაემგზავრა, რაც გუნდში ორ ფეხბურთელს, პიოტრ ზილინსკისა და ელიფ ელმასს კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაბლოკა ნეაპოლელთა ქალაქიდან გაშვება და გუნდი კარანტინში იმყოფება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კამპანიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა სალერნიტანამ გუშინ ვერონას კიევოსთან სტუმრად ითამაშა - მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ინფიცირებული ფეხბურთელები ჰყავს.

გარდა ამისა, სერია A-ში არსებული პროტოკოლით, გუნდი ვალდებულია ითამაშოს, თუ 10-ზე მეტი ინფიცირებული მოთამაშე არ ჰყავს და შეუძლია, მინიმიმუმ 13 ფეხბურთელის (მათ შორის, 1 მეკარის) შეგროვება. შედარებისთვის: მილანს, ატალანტასა და ტორინოს ასევე ჰყავთ ინფიცირებული ფეხბურთლები, მაგრამ ეს გუნდები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სეზონს და პრობლემაც არ შექმნილა. კორონავირუსის გამო იტალიაში ერთადერთი მატჩი გადაიდო: ჯენოა - ტორინო, რადგან გენუელთა ბანაკში 19 ფეხბურთელია ინფიცირებული.

რა ბედი ეწევა იუვენტუსისა და ნაპოლის შეხვედრას, ჯერჯერობით უცნობია. არსებობს ორი ვარიანტი - ან გადაიდება, ან ნეაპოლელებს ტექნიკური წაგება ჩაეთვლებათ (0:3). ჯერჯერობით 0:3 უფრო რეალურია...

კომენტარები

ბოლო ამბები