Thumbnail

ჩაკვეტაძე დაბრუნდა - გიორგიმ ბეერსხოტთან ითამაშა და თბილისში მოდის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და ითამაშა
  • გენტმა ბეერსხოტი გაანადგურა

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და მოედანზე დაბრუნდა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სანაკრებო პაუზის წინ გენტის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-8 ტურში ვიმ დე დეკერის გუნდმა ბეერსხოტი 5:1 გაანადგურა.

ჩაკვეტაძე მინდორზე 62-ე წუთზე, ანდერსონ ნიანგბოს ნაცვლად შევიდა და ამის შემდეგ გენტმა ერთი გოლი გაიტანა, თუმცა მას საგოლე კომბინაციაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს, ვენის რაპიდთან მიიღო და მას შემდეგ დღეს პირველად ითამაშა, რაც კარგი ამბავია, რადგან წინ ბელარუსთან ევრო 2020-ის პლეი ოფის თამაშია, მერე კი ერთა ლიგის მატჩები სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

გენტმა ამ გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილამდე აღზევდა, მომდევნო შეხვედრას კი 17 ოქტომბერს, სერკლ ბრიუგესთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები