Thumbnail

ნიჭიერი ჩოგბურთელის, იგა შვიატეკის წარმატებები როლან გაროსზე გრძელდება!

19 წლის პოლონელმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ამჯერად უკვე ძალიან დიდი სენსაცია მოახდინა: საფრანგეთის ღია პირველობის მერვედფინალში მან პირველ ნომრად განთესილი რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა, რომელიც მსოფლიოს მეორე ჩოგანი და 2018 წლის როლა გაროსის, ასევე 2019 წლის უიმბლდონის ღია პირველობის გამარჯვებულია. გამოცდილმა რუმინელმა 19 წლის პოლონელის წინააღმდეგ პრაქტიკულად ვერაფერი გააწრო და ორ სეტში, 1:6, 2:6 დამარცხდა.

შვიატეკი მეოთხედფინალში იტალიელ მარტინა ტრევიზანს შეხვდება, რომელმაც, ასევე ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, მეხუთე ნომრად განთესილი ნიდერლანდელი კიკი ბერტენსის დამარცხება შეძლო. შეგახსენებთ, რომ მესამე წრეში შვიატეკმა ეჟენი ბუშარი დაამარცხა.

“საკუთარი თავით და თამაშით თვითონაც გაოცებული ვარ, - განაცხადა მატჩის შემდეგ შვიატეკმა, - ოცნება ამიხდა!”

ამრიგად, მსოფლიო რეიტინგის ტოპ 5-დან როლან გაროსზე, ქალებს შორის მხოლოდ უკრაინელი ელინა სვიტოლინა დარჩა. შეგახსენებთ, რომ პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ და ნაომი ოსაკამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს, მეორე ნომრად განთესილი კაროლინა პლიშკოვა კი მეორე წრეში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები