Thumbnail

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჟორჟ მიქაუტაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში ‘სპორტი იმედზე’ ისაუბრა. ლევანი ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების შესაძლო დასწრების საკითხსაც შეეხო.

ლევან კობიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)

საფრანგეთის მოქალაქე ჟორჟ მიქაუტაძეზე: “ფეხბურთის ფედერაცია მიქაუტაძის საკითხზე უკვე მუშაობს. ალექსანდრე იაშვილს მასთან აქვს კომუნიკაცია. და არა მარტო მასთან, არამედ სხვა ფეხბურთელებთანაც, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. მიქაუტაძეს საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს. იაშვილი მას ესაუბრება და გვაქვს სურვილი, რომ ჩვენთან იყოს. თუმცა მე არ ვარ მწვრთნელი… სურვილი კი უნდა იყოს ორმხრივი. მოკლედ, კომუნიკაცია არის და ვნახოთ, რა გამოვა. იმედი გვაქვს, რომ სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა. არ ვამბობ, რომ არ უნდა, უბრალოდ ადრეც იყვნენ ფეხბურთელები, რომლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და გარკვეულმა მოთამაშეებმა უარი განაცხადეს. ზოგთან დღემდეც ვსაუბრობთ. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას. და ბუნებრივია, ეს საკმარისი არ არის - მისგანაც უნდა მოდიოდეს სურვილი. ეს სამუშაო პროცესია. არა მგონია, რომ რაიმე წინააღმდეგობა იყოს, მაგრამ ცხადია, მე ვერ გეტყვით სხვა ადამიანის პოზიციას.”

📺 აი, ასე თამაშობს და ასეთი გოლები გააქვს ჟორჟ მიქაუტაძეს

სფფ-ის პრეზიდენტმა იმედის ეთერში ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების შესაძლო დასწრების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი ორშაბათს დაგეგმილ სხდომაზე გადაწყდება. როგორც იცით, უეფა უფლებას გვაძლევს, სტადიონის ტრიბუნების 30 პროცენტი შეივსოს.

ლევან კობიაშვილს ბათუმის ახალი სტადიონის შესახებაც ჰკითხეს. მისი თქმით, ჯერჯერობით რაიმე პროგნოზის გაკეთება ბათუმის სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით, შეუძლებელია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები