Thumbnail

როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან და რა პრობლემების წინაშეა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი? ამ და სხვა თემებზე ნაკრების სლოვაკმა დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა გადაცემაში ‘სპორტი იმედზე’ ისაუბრა. ყველაზე საინტერესო მომენტები მისი ინტერვიუდან:

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...ბელარუსთან მატჩის მნიშვნელობაზე: “შანსი გვაქვს, შევცვალოთ ისტორია, მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. პლეი ოფში არიან ბელარუსი, კოსოვო და ჩრდილოეთ მაკედონია. თამაშამდე ყველას 25 პროცენტი აქვს შანსი. ბელარუსთან მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ არ ვიცით, იქნებიან თუ არა მაყურებლები, მაგრამ ეს წესები ყველასათვის ერთია - კორონამ შეცვალა მსოფლიო და ფეხბურთი. ამ თამაშისთვის მომზადება ძალიან რთულია. გულშემატკივრების გარეშე გაგვიჭირდება. მაგრამ გავალთ მოედანზე, ვითამაშებთ, მოვიგებთ და ქართველ ხალხს ბედნიერებას მოვუტანთ. ბელარუსთან თამაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში.”

'5 წელია, აქ ვარ და მინდა, ეს ყველაფერი წარმატებით დავამთავრო'

...ბელარუსის ნაკრებზე: “მიუხედავად კორონავირუსისა, ისინი თამაშობდნენ. მათი ჩემპიონატი მატჩში დაიწყო. არ ვიცი, არის თუ არა ეს მათთვის უპირატეოსობა. ჩვენს ფეხბურთელებს სამი თვე მოუწიათ იძულებით დასვენება. ბელარუსების თამაში აბუ დაბიში ვნახე, მაგრამ კორონამ ყველაფერი შეცვალა. მარტის ბოლოს ჩემი კონტრაქტის ვადა ამოიწურა და 3 თვე გაურკვეველი სიტუაცია იყო. მერე ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ. 5 წელია, აქ ვარ და მინდა, ეს ყველაფერი წარმატებით დავამთავრო. ბელარუსს გამოცდილი ნაკრები ჰყავს. მათ შეცვალეს მწვრთნელი, რომელმაც გაამკაცრა დისციპლინა, შეიტანა ტაქტიკური სიახლე. აქცენტს დაცვაზე აკეთებენ. ძალიან უნდა მოვინდომოთ და მონდომებას ქართული ტექნიკა უნდა დავამატოთ.”

მარცხენა მცველის საკითხზე: “5 წელია აქ ვარ, მრავალი წელია, დაცვის მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკი თამაშობს. არის ასევე დვალის და ტაბიძის ვარიანტები. სამივეს ტრავმა აწუხებდა. ესტონეთთან ჯიღაური ვცადე. ის არ არის მარცხენა მცველი, მაგრამ დაცვის მარცხენა ფლანგზე ბევრ კარგ მემარჯვენეს უთამაშია. მერე შანსი ახალგაზრდა მალის მივეცი. შეცდომა დაუშვა, მაგრამ ცუდად არ ითამაშა - პირველად იყო ნაკრებში. მე მას კიდევ მივცემ შანსს - ძალიან უყვარს ფეხბურთი და ნიჭიერია.

ცენტრფორვარდის საკითხზე: “არ არის საიდუმლო, რომ 9 ნომერზე პრობლემა გვაქვს. როდესაც საქართველოს ნაკრებში დავინიშნე, ლევან მჭედლიძე გვყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გაუთავებელი ტრავმები.”

გურამ კაშიას უთამაშებლობაზე: “იცით, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ამ გუნდის სული და გული არიან. ვიცე-კაპიტანი ყოველთვის ძალიან კარგადაა მომზადებული. მოკლედ, ჯაბას და გურამის გარეშე ჩვენ სრულფასოვანი გუნდი არ ვართ. დაბრუნდა ვაკოსთან ერთად და ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება.”

'კანკავას და კაშიას გარეშე ჩვენ სრულფასოვანი გუნდი არ ვართ'

გიორგი ჩაკვეტაძეზე: “ჩაკვე ძალიან დიდი ტალანტია, გამორჩეულად ნიჭიერია - არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ორი წლის წინ ის გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. მაგრამ მერე უეცრად ტრავმა მიიღო, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სწრაფია, ბევრ ფინტს აკეთებს, სწრაფად აზროვნებს, პოზიციებს იცვლის - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ესტონეთთან ცუდი არ იყო, მაგრამ ის არ არის მზად ისე, როგორც ორი წლის წინ და მაკედონიასთან ამიტომ არ დავაყენე ძირითად შემადგენლობაში. მე მას გავუფრთხილდი, მაგრამ შემდეგ კლუბში მიიღო ტრავმა. ჩვენი ექიმები შეამოწმებენ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ცხადია, ის ჩვენ ძალიან გვჭირდება.”

კომენტარები

ბოლო ამბები