Thumbnail
  • თელავი 1:3 დინამო ბათუმი
  • გოლები: 1:0 მ. ბაშელეიშვილი 49’, 1:1 ნიქაბაძე 58’, 1:2 ობოაბონა 80’, 1:3 ჯიღაური 84
  • დინამო ბათუმი ამ გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე გადავიდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტური თელავისა და დინამო ბათუმის დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა დაძაბულიც გამოდგა, საინტერესოც და კარგი სანახავიც. პირველ ტაიმში გია გეგუჩაძის გუნდს ორი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ კი თამაშის ტემპი გაცილებით მაღალი იყო და სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა. რაც მთავარია, 4 გოლი გავიდა და ყველა ეფექტური გამოდგა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 49-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა თავის ძმას, მიხეილ ბაშელეიშვილს გადაცემა გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და იჰორ ლევჩენკოს კარის ცხრიანში, ულამაზესი გოლი გაიტანა.

ბათუმელებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ გასათანაბრებლად. გოლი ამჯერადაც ბრწყინვალე გამოდგა, როგორც კომბინაციის, ისე შესრულების თვალსაზრისით. ვაგნერის ეფექტური გადაცემის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ ერთი შეხებით მოახერხა დარტყმა და წონასწორობა აღადგინა. დინამო ბათუმი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე წინ გავიდა. შეტევაში ჩართულმა გოდფრი ობოაბონამ ბურთი კარგად დაამუშავა და ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი აიღო. ნიგერიელმა აჭარული გუნდის მაისურით პირველი გოლი მიითვალა.

ნიქაბაძემ სუპერ დარტყმით გაათანაბრა

საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა, რომელამც თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძეს შანსი არ დაუტოვა. დინამო ბათუმმა ამ გამარჯვების შემდეგ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ისევ გალიდერდა. გია გეგუჩაძის გუნდი დინამო თბილისს 1, ხოლო დილასა და საბურთალოს 3-3 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ზღვისპირელთა სამივე კონკურენტს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ საბურთალოს 18 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო თელავი ერთი დღით ადრე სამტრედიას შეხვდება.

📺 თელავი V დინამო ბათუმი [მიმოხილვა]

თელავი 1:3 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 მ. ბაშელეიშვილი (49), 1:1 ნიქაბაძე (58), 1:2 ობოაბონა (80), 1:3 ჯიღაური (84)

თელავი (3-4-3): სანიკიძე - მარაქველიძე (85. კვასოვი), ძოწენიძე, დიმიტროვსკი - ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, ბაჩიაშვილი - ნ. ბაშელეიშვილი (78. ნ. ბაშელეიშვილი), კოხრეიძე, მოისწრაფიშვილი (41. რუხაძე)

დინამო ბათუმი (4-3-3): ლევჩენკო - მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ტეიდი, ჯიღაური - ვაგნერი (71. გაფრინდაშვილი), ნიქაბაძე (87. გაგოშიძე), შერგელაშვილი (71. ჩალაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები