Thumbnail
  • ყაზანის რუბინის საკლუბო ტელევიზიამ კვარაცხელიაზე ვიდეო მოამზადა 
  • როგორ ცხოვრობს და ვარჯიშობს 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ბაზაზე
  • ხვიჩა აცხობს ხაჭაპურს, მასპინძლობს ფანს და ურეკავს ზურიკო დავითაშვილს

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია საკლუბო ტელევიზიის გმირი იყო. ვიდეოში ჩანს, როგორ ატარებს ბაზაზე დღეს 19 წლის ქართველი ფეხბურთელი.

"შენ რა, ვარსკვლავი ხარ, დილიდან რომ კამერა დაგდევს?" - ასეთი ხუმრობით ხვდება კლუბის სასადილოში ხვიჩას გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი. კვარაცხელია ბლინებს არაჟანთან ერთად მიირთმევს, ზოგადად კი, სპაგეტის ამჯობინებს.

"ყველაზე ხშირად მივირთმევ ხოლმე სპაგეტის, ყველთან ერთად. ბაზაზე ძალიან კარგ სტეიკს ამზადებენ", - ამბობს ვიდეოში ხვიჩა, რომელიც საუზმის შემდეგ ჯერ ვარჯიშზე მიდის, მოგვიანებით კი თეორიულ მეცადინეობას ესწრება. 

19 წლის ფეხბურთელი ყაზანის რუბინის ლიდერია

კვარაცხელიამ კლუბის ბაზაზე უნარშეზღუდულ გულშემატკივარს უმასპინძლა და იქაურობა დაათვალიერებინა, რომლისთვისაც წინასწარ აჭარული ხაჭაპურიც მოამზადა. ხვიჩამ და პატარა ფანმა, რომელსაც ბოლო ტურში გატანილი გოლი მიუძღვნა, კომპიუტერული თამაში FIFA ითამაშეს.

"თამაშის წინ დავპირდი, რომ მისთვის გოლს გავიტანდი. და მართლაც გავუტანე როტორს. ვფიქრობ, გავახარე. ის ძალიან კარგი ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს რუბინი", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც როტორთან მატჩში (3:1) გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა

მოგვიანებით ხვიჩა კვარაცხელია რუბინიდან როტორში იჯარით გაშვებულ მის მეგობარსა და თანატოლს, ზურიკო დავითაშვილს შეეხმიანა, რომელმაც კორონავირუსის გამო ბოლო ტურში ვერ ითამაშა. 

"ის ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანია, - ამბობს ხვიჩა ზურიკოზე. - უკვე 7-8 წელიწადია, ერთად ვართ. ყველამ იცის, რომ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არ იციან, როგორი ადამიანია ის. ზურიკო ძალიან კარგი, ბრწყინვალე ადამიანია", - ამბობს კვარაცხელია. 

"შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი ფეხბურთელი ქომაგისა და ვიდეორგოლის მაყურებლებისთვის ბაზაზე ექსკურსიას ატარებს. ხვიჩა რუბინში ყოფნის პერიოდში მართლა კლუბის ბაზაზე ცხოვრობს, რათა ფეხბურთის გარდა, სხვა არაფერზე მოცდეს", - წერს business-gazeta ვიდეოს შესახებ.

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 9 ტურის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 14 ქულა მოიპოვა და ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს რუბინი 4 ოქტომბერს, შინ ახმატთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები