Thumbnail
  • იყო თუ არა მართებული მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილება.
  • ინგლისელი არბიტრის გადაწყვეტილება მისმა კოლეგებმაც შეაფასეს.
  • რა თქვეს თამაშის შემდეგ ლუკას ვასკესმა, მედჰი ბენატიამ და კრიშტიანო რონალდომ. 
  • ოლივერი სოციალური მედიის ობიექტივში.

რეალი-იუვენტუსის მატჩის შემდეგ იტალია ისტერიკაშია, ესპანეთში კი ეღიმებათ. საინტერესოა, რას ამბობენ თავად ფეხბურთელები, ექსპერტები და რას წერენ ევროპულ პრესასა და სოც-ქსელებში.

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალური შეხვედრის კომპენსირებულ დროში, როდესაც ანგარიში 0:3 იყო, მასპინძელთა ნახევარმცველი ლუკას ვასკესი ტურინელთა საჯარიმოში მას შემდეგ დაეცა, რაც მისთვის ბურთის ართმევა უკნიდან მედჰი ბენატიამ სცადა. მატჩის მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა პენალტი დანიშნა, შემდეგ კი კამათისთვის მდგომარეობიდან გამოსული სტუმართა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა. შედეგად, რონალდომ გაიტანა, მადრიდული გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

► "შენი ადგილი ჯოჯოხეთშია!" რა უთხრა ბუფონმა მსაჯს

რას ამბობენ ფეხბურთელები

ლუკას ვასკესისა და მედჰი ბენატიას ორთაბრძოლა

ეპიზოდზე კომენტარი თავად "დაზარალებულმა" ლუკას ვასკესმაც გააკეთა: 

"რონალდომ ბურთი გადმომაწოდა და უკვე მზად ვიყავი დასარტყმელად. იუვენტუსის მცველმა გადამიარა და ეს აშკარა პენალტი იყო. ხოლო ის, რომ მოწინააღმდეგეები ამას ბოლომდე აპროტესტებდნენ, სავსებით ნორმალურია".

"რეალი დიადი კლუბია, მაგრამ ყოველთვის, როდესაც საკამათო სიტუაცია იქმნება, რატომღაც გადაწყვეტილებას მის სასიკეთოდ იღებენ და რონალდოც იტანს. გეფიცებით, მე დავასწარი ლუკას ვასკესს და ბურთზე ვითამაშე. ის კი დაეცა, რადგან მას სხვა აღარაფერი დარჩენოდა. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მიფრინავს ბურთი ჩემი ფეხიდან. ასეთი პენალტის დანიშვნა აბსურდია. ჩვენ სიტუაციის მსხვერპლი ვართ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ვამაყობთ იმით, რაც შევძელით", - აქვეყნებს მედჰი ბენატიას სიტყვებს Football Italia.

პენალტის სამართლიანობის საკითხს გადამწყვეტი გოლის ავტორიც გამოეხმაურა

"თანამედროვე ფეხბურთში საჩუქარს არავინ გაგიკეთებს და ამიტომაც, ბოლომდე ვიბრძოლეთ, ვუტევდით, ვარტყამდით კარში, რათა გაგვეტანა, მაგრამ ბუფონი დიდებულად ირჯებოდა. ვერ ვხვდები, იუვენტუსის ფეხბურთელები რატომ აპროტესტებენ და ამტკიცებენ, რომ პენალტი არ იყო. წესების დარღვევა რომ არ ყოფილიყო, ვასკესი გაიტანდა", - თქვა კრიშტიანო რონალდომ თამაშის შემდეგ.

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა მეკარე სტიპე პლეტიკოსამ კი თავისი ტურინელი კოლეგა დაიცვა:

"მესმის ბუფონის, იმ ეპიზოდში პენალტი ნამდვილად არ იყო. როდესაც ასეთ მატჩებში მსაჯი შენს ბედს წყვეტს, ეს განწყობაზე ძალიან მოქმედებს. ინგლისელმა არასწორად შეაფასა და არც წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა - ასეთ ვითარებაში უნდა ჩაწვდე ფეხბურთის ემოციას. ფეხბურთი ემოციის გარეშე არ არსებობს. მგონია, რომ ბუფონის ადგილზე თავს ვერც მე შევიკავებდი. ჩემპიონთა ლიგაში ვიდეოგამეორების სისტემის არარსებობაც დიდი პრობლემაა. ის რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, მსაჯი ამ პენალტს არ დანიშნავდა".

რას ამბობენ ექსპერტები

არბიტრის გადაწყვეტილებას ყოფილი ესპანელი მსაჯი ედუარდო იტურალდე გამოეხმაურა: 

"შეხება უკნიდან საკმარისი არაა. მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა", - აქვეყნებს მის ნათქვამს AS.

მსაჯის შეცდომაზე ყოფილი იტალიელი მსაჯი გრაციანო ჩეზარიც საუბრობს: 

"გამეორებაზე ჩანს, რომ ბენატია შეეხო ბურთს და ამ ვითარებაში ფოლზე არანაირად არ შეიძლება იყოს საუბარი. არბიტრი მოთამაშეთა მოძრაობებზე წამოეგო, რადგან ხედვის არეალი შეზღუდული ჰქონდა. ვიდეოგამეორების სისტემა ამ ეპიზოდის სწორად განსჯისთვის დიდად წაადგებოდა".

საპირისპირო აზრისაა ყოფილი ინგლისელი მსაჯი გრემ პოლი

"მაიკლ ოლივერი ელიტური მსაჯების ჯგუფში სულ ახლახან, იანვარში გადაიყვანეს. მან ნდობა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მკაცრი, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილებებით გაამართლა. ყველაფერი დამატებითი ტაიმებისკენ მიდიოდა, მაგრამ ოლივერს პენალტის დასანიშნად ეყო გამბედაობა. მაგრამ ის ამაზე არ გაჩერდა. როდესაც იუვენტუსის ფეხბურთელებმა, მათი კაპიტნისა და თილისმის თამადობით, ოლივერი წნეხში მოაქციეს, 33 წლის არბიტრმა სიმშვიდე შეინარჩუნა და აბსოლუტურად სამართლიანად გააძევა ბუფონი, მისი აგრესიული პროტესტის გამო", - აქვეყნებს პოლის ნათქვამს Daily Mail.

მექსიკელი რეფერი ფელიპე რამოს რიზო, რომელსაც კორეა-იაპონიაში 2002 წლს გამართულ მუნდიალზე უმსაჯია, თავის ტვიტერზე აცხადებს, რომ იმ ეპიზოდში ყველაფერი აშკარა და სამართლიანი იყო: 

"ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ გახდა გადაწყვეტილება საკამათო. რეფერიმ წესის თანახმად განსაჯა, რამაც სიკეთე რეალს მოუტანა". 

რას ამბობს მედია

ბუნებრივია, ესპანური პრესა საბოლოო შედეგს იცავს და მატჩის არბიტრის მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილებას ამართლებს.

გამოცემა AS ყურადღებას შედეგზე ამახვილებს: "პანიკიდან ნახევარფინალამდე".

"ეს იყო საშინელების 93 წუთი”, - ასე აჯამებს თამაშს გაზეთის მთავარი სტატიის კოლუმნისტი, კიდევ ერთი სათაური კი მსაჯს თანაუგრძნობს: "ყველაზე მძიმე კოშმარი არბიტრისთვის".

მსოფლიოში ყველაზე პრომადრიდული გამოცემა Marca რადიკალურ პოზიციას პირველსავე გვერდზე აფიქსირებს: "პენალტი იყო!". 

აი, მადრიდთან დაპირისპირებული კატალონიური გაზეთი El Mundo Deportivo კი ირონიით გვამცნობს: "ოსტატი არბიტრაჟში - რეალის მორინგი ტროლინგი".

"მადრიდი ნახევარფინალში თავის სტილში გადის - მესამე დამატებულ წუთზე დანიშნული საეჭვო პენალტის წყალობით", - წერს გამოცემა.

კიდევ ერთი კატალონიური გამოცემა Sport კი დღის ყველაზე ხმამაღალ სათაურს გვთავაზობს: "საუკუნის ქურდობა".

ფაქტზე El Chiringuito de Jugones-სთან ემოციურად ილაპარაკა ესპანელმა ჟურნალისტმა კრისტობალ სორიამ.

"იყო თუ არა პენალტი, ეს არამარტო მთელმა ესპანეთმა, მსოფლიოში ყველამ დაინახა, ჩინელების ჩათვლით. არანაირი პენალტი იქ არ ყოფილა! ფეხბურთი კონტაქტური სპორტის სახეობაა. ვასკესმა იგრძნო მცველის მიახლოება და თავად დაეცა. ასეთი პენალტი მხოლოდ რეალს შეიძლება დაუნიშნონ მისსავე მოედანზე, სხვას არავის. ეს ჩემპიონთა ლიგა უკვე გასვრილია". 

რა თქმა უნდა, მღელვარებამ პიკს მიაღწია იტალიაში და ეს განსაკუთრებით Corriere dello Sport-ის სათაურიდან ჩანს. "ეს არის ქურდობა", - წერს რედაქცია მთავარ გვერდზე. 

ქვეყნის მთავარი სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport კი უფრო ნეიტრალური სათაურით კმაყოფილდება: "მრისხანება და სიამაყე".

სკანდალს გვერდი არც ბრიტანულმა ტაბლოიდებმა აუარეს. "მსაჯი ოლივერი აყალმაყალში", - წერს Daily Mail, ხოლო The Sun დღის ყველაზე პოპულარულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: WONALDO!

რას ამბობს ქომაგი

როგორც ერთი ჩემი საყვარელი ადამიანი იტყოდა, შევეცვი ტარკში ასეთ მოგებას!

Posted by Levan Berdzenishvili on ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018

ქართველებს საღამოს ერთმანეთის გინების საბაბი არ გვქონდა და ამ დროს, მადრიდში ლუკას ვასკესს უიღბლოდ წამოედო მეჰდი ბენატია.

Posted by Giørgi Janelidze on ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018

სახალისო ვიდეო - რეალი იუვენტუსთან გამარჯვებას მატჩის მთავარ გმირთან ერთად ზეიმობს: 

ვიდეო მათთვის, ვინც რეალი-იუვენტუსის მატჩი ვერ ნახა:

თამაშის შემდეგ ვიღაცამ "ვიკიპედიაში" არბიტრ მაიკლ ოლივერისადმი მიძღვნილი გვერდი განაახლა, სადაც გარკვეული ხნის განმავლობაში ეწერა: 

"ოლივერი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში, რეალის სასარგებლოდ პენალტის დანიშვნისთვის, ფლორენტინო პერესისგან ქრთამი აიღო".

"ახლა უკვე ყველაფერი დღესავით ნათელია".

 

კომენტარები

ბოლო ამბები