Thumbnail

საქართველო-ბელარუსის ძველი ბილეთები გაუქმებულია, სფფ-მ განცხადება გაავრცელა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

საქართველო-ბელარუსის მატჩის ძველი ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა ბილეთებში გადახდილი თანხა უნდა დაიბრუნონ - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სფფ-მ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრების 8 ოქტომბერს დაგეგმილ მატჩს, შესაძლოა, გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს. ეს გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო. შესაბამისი ჯანდაცვის უწყების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს, შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს. "დინამო არენა" 54 000 მაყურებელს იტევს - ასე რომ, ბელარუსთან დაპირისპირებას მაქსიმუმ 16 000 ქომაგი შეიძლება დაესწროს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში - 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. სფფ ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას, TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს გაავრცელებს. 

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს - ფეხბურთის ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გვპირდება: “ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან, თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე.”

კომენტარები

ბოლო ამბები