Thumbnail
  • ნიკა კაჭარავას ლეხი ევროპალიგის ჯგუფშია
  • ჯგუფურ ეტაპზე 5 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

ევროპალიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ხუთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ნიკა ნინუა (პაოკ), გურამ გიორბელიძე, ლუკა ლოჩოშვილი (ორივე ვოლფსბერგერი) და ნიკა კაჭარავა (ლეხი). ბელგიურმა გენტმა და ბერძნულმა პაოკ-მა ევროპის რანგით მე-2 ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მარცხის შემდეგ გადაინაცვლეს, ვოლფსბერგერს კი ჯგუფში თამაში ჯერ კიდევ ავსტრიის ჩემპიონატის გასული სეზონის შედეგებით ჰქონდა დაბევებული. რაც შეეხება კაჭარავას ლეხს: პოზნანელებმა პლეი ოფში ბელგიური შარლერუა სტუმრად 2:1 დაამარცხეს და ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს. პოლონელთა ქართველ ფორვარდს ხსენებულ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია - სათადარიგო სკამზე დარჩა.

პლეი ოფში დამარცხდა ვაკო გვილიას ლეგია, რომელიც შინ აზერბაიჯანულ ყარაბაღთან ვერაფერს გახდა (0:3). საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს არ უთამაშია. პლეი ოფი დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარისთვისაც, რომელიც ლიეჟში სტანდარდს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 1:3 წააგო და ევროთასებზე ასპარეზობა დაასრულა. ბუდუმ ბოლო 25 წუთი ითამაშა.

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა პარასკევს, 2 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები