Thumbnail

უეფამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უშუალოდ ეხება 8 ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს მატჩს საქართველოს ნაკრებისთვის - ბელარუსთან თამაშს ფანები დაესწრებიან!

უეფას აღმასკომმა იმსჯელა და დაადგინა: სუპერთასზე მაყურებლის დასწრებამ გაამართლა, ამიტომაც მომდევნო კვირიდან იქ, სადაც ადგილობრივი მთავრობა უშვებს მაყურებელს სტადიონებზე, ეროვნული ნაკრებების შეხვედრები ცარიელი ტრიბუნების წინ აღარ ჩაივლის. ბუნებრივია, არის შეზღუდვებიც - მთავარი, სტადიონის ტევადობის 30%-ია (მაქსიმუმ) დაშვებული. სტუმართა გუნდის ფანები შეხვედრებზე არ დაიშვებიან. 

ლიმიტს (30%-ზე ნაკლები თუ იქნება) და საერთოდ დასწრების საკითხს ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს. ბუნებრივია, ყველანაირი რეკომენდაცია, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს არის მიღებული (სოციალური დისტანცია, პირ-ბადეების ტარება და ა.შ.) ძალაშია.

ალეკსანდერ ჩეფერინი (უეფას პრეზიდენტი): "ეს არის პირველი ნაბიჯი, უეფა საღ გადაწყვეტილებას იღებს, ის პატივს სცემს ქვეყნების კანონებსა და ზრუნავს ფანების ჯანმრთელობაზე. კონტინენტზე უკვე 27 ქვეყანა უშვებს სტადიონებზე ფანებს გარკვეული შეზღუდვებით".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ეგიდით, ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს 8 ოქტომბერს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი, ფინალურ მატჩსაც შინ გამართავს. "დინამო არენა" 54 ათას მაყურებელს იტევს, ასე რომ, ბელარუსთან დაპირისპირებას მაქსიმუმს 16 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები