Thumbnail

EA კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა: FIFA 21-ის რეკლამა საბავშვო ჟურნალში

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • EA-მ საბავშვო ჟურნალ Smyths-ში მიკროტრანზაქციების რეკლამა გამოაქვეყნა
  • რეკლამას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა
  • კომპანია რეკლამას 'უბრალო შეცდომას' უწოდებს

კორპორაცია EA ყველასთვის ცნობილია საკუთარ თამაშებში მიკროტრანზაქციების სიმრავლით და თამაშებისთვის დამატებითი, ფასიანი კონტენტით. ეს ფაქტი გეიმერებს შორის ხშირად გამხდარა ხუმრობის მიზეზი, თუმცა, კომპანიას ამჯერად სახუმაროდ არ აქვს საქმე: სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა სურათი, რომელიც ბავშვებისთვის განკუთვნილ, სათამაშოების კატალოგში FIFA 21-ის რეკლამას აჩვენებს. რეკლამაში აქცენტი მიკროტრანზაქციებზეა, კონკრეტულად კი FIFA Point-ების შეძენაზე, რომლისთვისაც მომხმარებელმა რეალური ფული უნდა გადაიხადოს და არა თამაშის შიდა ვალუტა. 

პუბლიკაცია Eurogamer-ის მიხედვით, EA-მ რეკლამას შეცდომა უწოდა და კატალოგიდან მოხსნა. 

'ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ჩვენი მარკეტინგული კამპანიები გვაკისრებს,' განაცხადა EA-ს წარმომადგენელმა Eurogamer-თან ინტერვიუში. 'ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს თამაშებს ბავშვებიც თამაშობენ და ამის გათვალისწინებით, FIFA Point-ების რეკლამა შეცდომა იყო. ამ რეკლამისთვის სხვა აუდიტორია უნდა გამოგვეყენებინა. პირობას გაძლევთ, რომ დარჩენილი კატალოგები, რომლებშიც ჩვენი რეკლამაა განთავსებული, გაყიდვაში არ გავა და მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდება.''  

FIFA 21-ის რეკლამა რომელიც EA-ს კრიტიკის მიზეზი გახდა

EA-მ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში, უფრო ყურადღებით მოეკიდება ამ საკითხს და ფრთხილად შეარჩევს იმ პუბლიკაციებს, რომლებთანაც სარეკლამო კამპანიებთან დაკავშირებულ თანამშრომლობას დაიწყებს. 'ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ახალგაზრდა გეიმერების მიმართ' წერია მათ განცხადებაში.

ამ დროისთვის, გაურკვეველია, საბავშვო ჟურნალ Smyths-ში გამოქვეყნებული რეკლამა მართლა შეცდომა იყო თუ EA-მ ეს პოზიცია მხოლოდ მას შემდეგ დაიკავა, რაც მათ სარეკლამო კამპანიას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა EA მიკროტრანზაქციების აგრესიულ მარკეტინგს ეწევა, გეიმერებს მაინცდამაინც არ სჯერათ, რომ ეს უბრალო შეცდომა იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები