Thumbnail

არსელონასთან მატჩის წინ თორნიკე შენგელია ესპანურ EL PAÍS-ს ესაუბრაპრესტიჟულმა ესპანურმა გამოცემა EL PAÍS-მა მოსკოვის ცსკა-ს ბარსელონასთან ევროლიგის I ტურის მატჩის წინ ინტერვიუ თორნიკე შენგელიასთან ჩაწერა. 

EL PAÍS: რა აღმოაჩინეთ მოსკოვში?

თორნიკე შენგელია: აქ მალევე აღმოაჩენთ, რომ უმაღლესი კლასის კლუბში ხართ. ორგანიზაციულად ის NBA-ს დონეზეა. კლუბში სამი ყოფილი გუნდელია ბასკონიადან, ჯეიმსი, ჰილარდი და ფოიგტმანი, ისინი ადაპტაციაში დამეხმარნენ. დიდებული შემადგენლობა შეიკრიბა, მაგრამ ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ სრულად გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი. 

EL PAÍS: როგორც ვიცით, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, თქვენს ტრანსფერს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა...

თორნიკე შენგელია: ახლა სიტუაცია გაცილებით დამშვიდდა, ჩემთვის ასეთი გამოხმაურებები უცნაური იყო, მაგრამ ყველას მოსაწონ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. მესმის ჩემი თანამემამულეებისაც, მაგრამ, იმედია, მათაც ესმით ჩემი. ის ვარ, ვინც ვარ, როგორც სამშობლოში, ისე მის გარეთ. როცა სახლიდან გავდივარ, ჩემი ოჯახის წარმომადგენელი ვარ, როცა საქართველოდან - ქვეყნის. ეს არასდროს შეიცვლება. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები, ესპანეთში, აშშ-ში თუ რუსეთში. 

EL PAÍS: ბასკონიაში ლიდერი იყავით, ცსკა-ში კი - ახალწვეული, როგორ უყურებთ ამას პერსონალურად?

თორნიკე შენგელია: არ იყო ადვილი, მოულოდნელი ცვლილებაა. ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაო, მაგრამ, როცა შენი მენტალიტეტი ისეთივე გამარჯვებულისაა, როგორც გუნდის სხვა წევრების, ყველაფერი იოლად მოგვარებადია. 

ცსკა-ში გადასვლამდე თორნიკე ესპანეთის ჩემპიონი გახდა

EL PAÍS: როგორ უნდა ჩამოყალიბდე გუნდის ლიდერად?

თორნიკე შენგელია: ყოველთვის ვცდილობ, მაგალითის მიმცემი ვიყო. არ შემიძლია ვინმეს ვთხოვო დახმარება, სანამ ჩემით არ გავაკეთებ. ყოველთვის მოვუსმენ ადამიანს ვისაც იდეები აქვს, განსაკუთრებით მას ვისაც დიდი დამსახურება მიუძღვის. ათლეტისთვის განსაკუთრებული გრძნობაა, როცა დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაიღო წარმატებისთვის. იმის შეგრძნებაც კი გკლავს, როცა იცი, რომ მეტი შეგეძლო. 

EL PAÍS: მაგალითად ყოფნასთან ერთად, გასახდელში ხმასაც ხომ არ უმაღლებთ?

თორნიკე შენგელია: ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა მართლაც გულით გიყვარს შენი გუნდი და გუნდელებზეც ზრუნავ. როცა ამის აუცილებლობაა და არ აკეთებ, უფრო ცუდია. უხერხული მომენტებია, მაგრამ საბოლოოდ გუნდს უკეთ თამაშში ეხმარება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს ფინალს?

  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • მაიამი ჰიტი

EL PAÍS: სამი თვის წინათ, ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეთ ბასკონიასთან ერთად, რას იხსენებთ ამ ფინალიდან პირველ რიგში?

თორნიკე შენგელია: სიტყვებს ვერ ვარჩევ იმის აღსანიშნავად, თუ რას ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ტიტული. ეს მარტო ჩემი 6 წლიანი ბასკური კარიერის ზენიტი არ არის, ბასკონიას ტიტული გაცილებით მეტი ხანი არ მოეგო. ქალაქს, კლუბს სჭირდებოდა ეს ტიტული, მეც. ვიტორიული კარიერის ჩემპიონის რანგში დასრულებამ დამამშვიდა. ამაზე მეტს ვერც კი ვიოცნებებდი. 

EL PAÍS: რა როლი აქვს ამ წამრატებაში დუშკო ივანოვიჩს?

თორნიკე შენგელია: გადამწყვეტი, მის მოსვლამდე გუნდი ფიზიკურად და მენტალურად სათანადო სიმაღლეზე არ იდგა. დუშკომ გუნდში პოზიტიური ენერგია მოიტანა. 

EL PAÍS: რა შეგრძნებაა ტიტულის მოგება?

თორნიკე შენგელია: საოცარი, კვლავ მსურს ასეთი რამ შევიგრძნო, როცა მენტალიტეტით გამარჯვებული ხარ, ამის მოთხოვნილება ყოველდღიურად გაქვს. რაც მეტს აღწევ, მეტი გსურს. გამარჯვებებზე დამოკიდებული ხდები. როცა ვალენსიაში ფინალური სირენა გაისმა, მთელი ჩემი 6-წლიანი ესპანური კარიერა წამებში გავიარე. ამ ტიტულმა ყველა ტანჯვა გადაწონა.

EL PAÍS: ესპანეთის ჩემპიონი რომ არ გამხდარიყავით, ბასკონიაში დარჩებოდით?

თორნიკე შენგელია: ალალად გეტყვით, იმავეს გავაკეთებდი. წასვლის დრო იყო. მაგრამ მაშინ უკან დაბრუნებისა და ტიტულის მოგების სურვილის შეგრძნება არ მომასვენებდა.

EL PAÍS:  მომავალი გუნდის არჩევაში, მისმა ხასიათმა, რომელიც ბასკონიისას გავს, ხომ არ იმოქმედა?

თორნიკე შენგელია: ბევრ ასპექტს მივაქციე ყურადღება, სანამ არჩევანს გავაკეთებდი. ცსკა ევროპაში საუკეთესოთა შორისაა და ამ გუნდს ჩემი დამატება წლების განმავლობაში სურდა. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში ბასკონიასთვის ტიტული მსურდა, შემდეგ კი ჩემპიონი გუნდიდან ჩემპიონში გადასვლა.

EL PAÍS: რას ითხოვს თქვენგან იტუდისი?

თორნიკე შენგელია: ზაფხულში ბევრი ვისაუბრეთ, მან მითხრა, რომ არა მარტო ჩემ ტალანტს, არამედ, ხასიათსაც დიდად აფასებს. მითხრა, რომ ეს განწყობა ცსკა-ში უნდა მომეტანა. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი შეფასება.

EL PAÍS: რომელი მწვრთნელისგან ისწავლეთ ყველაზე მეტი?

თორნიკე შენგელია: ყველამ თავისი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ამიტომ იგორ კოკოშკოვი და ილიას ზუროსი გადამწყვეტი ფიგურები არიან, მაგრამ სხვებისგანაც ბევრი შევიძინე. როცა სწავლა გსურს, ყველასგან ისწავლი.

EL PAÍS: რა არის პატრიოტიზმი?

თორნიკე შენგელია: ვალდებულება, კუთვნილება. სანამ NBA-ში წავიდოდი, ბავშვობაში ჩემი ოცნება, ქვეყნის დაცვა იყო. როცა ქვეყნის ჰიმნს ვუსმენ, ზუსტად ის შეგრძნება მაქვს, რაც მაშინ, როცა ბავშვი ნაკრების თამაშს ვუყურებდი. საუკეთესოა, როცა ამ დროს მოედანზე იმყოფები. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ამის ახსნა შეუძლებელია - ჩვენ ვიბრძვით არა სტატისტიკისთვის, არამედ ქვეყნის დროშისთვის.

EL PAÍS: NBA-ში თამაში კვლავ რჩება სურვილად?

თორნიკე შენგელია: თუ ფრენჩაიზისგან სერიოზულ წინადადებას მივიღებ, აუცილებლად განვიხილავ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ არ წავალ ხუთი წუთის სათამაშოდ, იმის სათქმელად, რომ ამერიკაში ვთამაშობ, ეს უკვე იყო. 2012-214 წლებში NBA-ში ვთამაშობდი. ახლა უკვე იმ ასაკში არ ვარ, ხუთი წუთით თამაში მიხაროდეს. სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო ევროლიგის მოგება მსურს, ვიდრე NBA-ში თამაში.

EL PAÍS: ვინ იყო თქვენი კერპი?

თორნიკე შენგელია: მეჯიქი და ჯორდანი ყველას უყვარდა, მაგრამ მე ოლაჯოუნსა და ჯინობილის ვაფასებდი. მანუ ნათელი მაგალითია, ნამდვილი ათლეტის, ჰაკიმს მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ახლა ძალიან მომწონს დურანტი და ჯეიმსი, ლებრონი განსაკუთრებით მაშინ დავაფასე, როცა 2016-ის ფინალში გუნდს 1:3 ამოაქაჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები