Thumbnail

'ჯერ ნაგავზე ვილაპარაკოთ' - მერაბ ჟორდანიას სკანდალური ეთერი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მერაბ ჟორდანიამ გადაცემა 'ტაიმ აუტში' სკანდალური განცხადებები გააკეთა
  • სფფ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დინამო თბილისის შესახებ ილაპარაკა
  • მან დინამოს მთავარ მწვრთნელ ჩისკოს და ბენიოს შეურაცხყოფა მიაყენა

სქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის დინამოს ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გადაცემა 'ტაიმ აუტში' დინამო თბილისზე საუბრისას შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. მან დინამოს დღევანდელი მდგომარეობა ნაგავთან გააიგივა, თბილისური კლუბის მთავარ მწვრთნელ ჩისკოს შეურაცხყოფა მიაყენა, ლეგიონერ საიმონ ბენიოს მანდარინის საკრეფად გაშვება მოითხოვა და იმედი გამოთქვა, რომ ამ განცხადებას რასიზმში არ ჩაუთვლიან.

გადაცემის დასაწყისში, ჟორდანიამ წამყვანებს შესთავაზა, "ჯერ ნაგავზე ვილაპარაკოთ და შემდეგ ოპტიმისტურ თემაზეო". მან ნაგავში დინამო თბილისი იგულისხმა.

მერაბ ჟორდანია: "რაც დინამო თბილისს დაემართა, ამის იქით არაფერი არსებობს. ეს არის ნებისმიერი იმ ადამიანის შეურაცხყოფა, რომელსაც ამ გუნდში უთამაშია, უმუშავია და ამ გუნდისთვის უგულშემატკივრია. ფაქტობრივად, ეს არის ფსკერი. მე რომან ფიფიასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ადეკვატურ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ არ იცის ამ კაცმა ეს საქმე, თორემ, სხვანაირად, რაღაც რომ შესთავაზონ, მოიფიქრონ დინამოს გადასარჩენად, შეიქმნას გეგმა, არამგონია ამის წინააღმდეგ წავიდეს.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემას ვუყურე და არც ვიცი იმ ადამიანს გვარი (კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძეს გულისხმობს), ვერც ვიცნობ, ქუჩაში რომ შემხვდეს და უტიფრად ამბობს, ჩისკოს კიდევ სამი წელი ნდობას ვუცხადებთქო. ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე? თვითონ მას ვინ უცხადებს ნდობას? ხურცილავა და ჩივაძე როგორ არიან ცოცხლები, ან კალაძეც ამ პოზიციაზე არ თამაშობდა?

არ მინდა, რასიზმი დამბრალდეს, მაგრამ ფერადკანიანი ცენტრალური მცველი (საიმონ ბენიო) ვინ არის?! საქართველოში ცხოვრება თუ უნდა, ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და წაიყვანონ აჭარაში მანდარინის საკრეფად, სამეგრელოში თხილს კრეფენ, ან თბილისში მშენებლობაზე იმუშაოს, ვაცხოვროთ და პატივი ვცეთ".

ჟორდანიამ გადაცემაში საქართველოს ნაკრებზე და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსზეც ისაუბრა: 

მერაბ ჟორდანია: "საქართველოს ნაკრებს ასეთი შანსი არასდროს ჰქონია. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამ თამაშში წარმატებას მივაღწევთ. მიმაჩნია, რომ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს - როგორც ფეხბურის ფედერაციის, ისე გულშემატკივრების მხრიდან. ეს შანსი, რომელიც უეფას ერთა ლიგამ მოგვცა, მგონი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დღეს არიან ნაკრებში ევროპის წამყვანი კლუბების დონის ფეხბურთელები. მაგალითად, კვარაცხელია.

შეიძლება ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ კარგად მახსოვს, როდესაც ალექს ფერგიუსონმა 19 წლის კრიშტიანო რონალდო აიყვანა. ახლა 19 წლის რონალდო და 19 წლის კვარაცხელია რომ დამიყენონ, კვარაცხელიას აყვანისკენ გადავიხრებოდი. რა თქმა უნდა, როგორ განვითარდება კარიერა სხვა საკითხია, მაგრამ ამ ასაკში ხვიჩას ავირჩევდი. დინამოს საკუთრება ყოფილა ისიც და დავითაშვილიც - 15-20 მილიონი ევრო გადააგდო დინამოს მენეჯმენტმა. ეს შეიძლება მოხდეს ისეთ ადგილზე, რომელიც ნაგვის გარდა რას უნდა შეადარო.

დინამო თუ გადარჩება, ქართული ფეხბურთიც გადარჩება. ფეხბურთის ფედერაცია კი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ იმდენად პესიმისტურად ვუყურებ დღევანდელ მდგომარეობას, ვერც ცალკე პროფესიონალური ლიგა, ვერც ფეხბურთის ფედერაცია, ვერც ეს ადამიანები ვერაფერს გააკეთებენ, თუ სახელმწიფომ არ ითავა პრემიერმინისტრის დონეზე. იქნება პატარა გამონათებები, როგორც ლოკომოტივმა გამოანათა, ღმერთმა ქნას ბელარუსს მოვუგოთ და მოგვეჩენება, რომ რაღაც კარგადაა, მაგრამ ისევ დავუბრუნდებით ძველ მდგომარეობას.“

გადაცემის ბოლოს, ჟორდანიამ საიმონ ბენიოზე ირონიული კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა: „იმ ცენტრალურმა მცველმა აირჩიოს რეგიონი, სად ურჩევნია მუშაობა.“

55 წლის მერაბ ჟორდანია თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი პრეზიდენტია. 1998-2005 წლებში ჟორდანია სფფ-ს ხელმძღვანელობდა, 2003 წელს კი დროებით ეროვნულ ნაკრებსაც ედგა სათავეში. 2010 წლიდან ჟორდანია ნიდერლანდურ ვიტესს ფლობდა. 2014 წელს მას ვიტესში ინციდენტი მოუვიდა, როცა კლუბის გენერალურ მენეჯერ იუსტ დე ვიტს თითების მოჭრით დაემუქრა. ნიდერლანდების სასამართლომ მას საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა მიუსაჯა.

კომენტარები

ბოლო ამბები