Thumbnail

დღეს, ჟენევაში მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 გუნდი, ტრადიციულად, 8 ჯგუფში გადანაწილდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს - დავით ხოჭოლავას შახტარი და ლაშა დვალის ფერენცვაროში, რომელიც უეფას პირველ საკლუბო ტურნირზე 25-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 32 გუნდიდან 4 დებიუტანტია - მიდტიულანდი, რენი, კრასნოდარი და ბაშაქშეჰირი.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: ბაიერნი, ატლეტიკო, ზალცბურგი, ლოკომოტივი (მ)

B ჯგუფი: რეალ მადრიდი, შახტარი, ინტერი, გლადბახი

C ჯგუფი: პორტუ, მანჩესტერ სიტი, ოლიმპიაკოსი, მარსელი

D ჯგუფი: ლივერპული, აიაქსი, ატალანტა, მიდტიულანდი

E ჯგუფი: სევილია, ჩელსი, კრასნოდარი, რენი

F ჯგუფი: ზენიტი, დორტმუნდი, ლაციო, ბრიუგე 

G ჯგუფი: იუვენტუსი, ბარსელონა, დინამო კიევი, ფერენცვაროში

H ჯგუფი: პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, ლაიპციგი, ბაშაქშეჰირი

ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ერთ ჯგუფში; დიეგო სიმეონეს ატლეტიკო ლუის სუარესთან ერთად მოქმედი ჩემპიონის, მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ; მილანის ინტერი მადრიდის რეალთან და უხვგოლიანი მატჩების მოლოდინი D ჯგუფში, სადაც ერთად ლივერპული, აიაქსი და ატალანტა მოხვდნენ - ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დამაინტრიგებელი ფაქტების არასრული ჩამონათვალია.

ასევე ძალიან საინტერესო იქნება პარი სენ-ჟერმენისა და მანჩესტერ იუნაიტედის დუელები - ყველას გვახსოვს 2018/2019 წლების სეზონის მერვედფინალი, როდესაც 'ოლდ ტრაფორდზე' 0:2 მარცხის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა პარიზში 3:1 მოიგო და ბევრისთვის მოულოდნელად, მეოთხედფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ წილისყრის პირველ კალათში, სადაც მოქმედი ჩემპიონი, ევროპალიგის გამარჯვებული და 6 უძლიერესი ქვეყნის ჩემპიონები არიან ხოლმე, ახლა პორტუც იყო დამატებული - როგორც მეშვიდე უძლიერესი ქვეყნის ჩემპიონი. ეს იმიტომ, რომ მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და გერმანიის ჩემპიონიც გახდა. დანარჩენი კალათები უეფას კოეფიციენტებით გახლდათ დაკომპლექტებული. შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ქვეყნიდან ორი გუნდი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებოდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები 20/21 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ჯგუფური ტურნირი 8/9 დეკემბერს დასრულდება. რაც შეეხება ფინალს, 29 მაისს, სტამბოლში, "ათა თურქზე" გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები