Thumbnail

ბელგიურმა Voetbalkrant-მა 19 წლის ქართველ ფორვარდს, ჟორჟ მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა - ფრანგული მეცის ფეხბურთელი მას მერე მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც ბელგიის პროქსიმუს ლიგაში 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა...

19 წლის ფორვარდმა 412 წუთში 9 გოლი გაიტანა

მიქაუტაძემ სერენის რიგებში, სადაც იჯარის წესით თამაშობს, ბოლო ტურში ლიერსთან ჰეთ თრიკი შეასრულა, თანაც, ყველა გოლი სხვადასხვა სტილში გაიტანა. მიქაუტაძე 9 გოლით პროქსიმუს ლიგაში (1B) ბომბარდირთა დავას ლიდერობს, სერენი კი ლიდერია. 

არადა, ეს ლიეჟური კლუბი რანგით მეორე დივიზიონში შემთხვევით მოხვდა - პროფესიული ლიცენზია ჩამოართვეს ლოკერენს, რუზელარეს და ვირტონს. ასე გამოთავისუფლდა ადგილი ფრანგული მეცის სატელიტისთვის - ჟორჟთან ერთად გუნდში კიდევ 6 ფეხბურთელი მეცის საკუთრებაა. 

📺 ჟორჟ მიქაუტაძის ჰეთ თრიკი ლიერსთან

ჟორჟს ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა ბელგიაში, პირველივე ტურში პოკერი შეასრულა. ცენტრფორვარდი მხოლოდ 19 წლისაა. ის საფრანგეთშია დაბადებული, მაგრამ შეუძლია საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩიოს. 31 ოქტომბერს, ჰელოუინზე იგი 20 წლის ხდება. 1B ლიგაში უკვე ბევრ მცველს ეშინია მისი. ლიერსთან ჰეთ თრიკით მან დაამტკიცა, რომ პოკერი პირველ ტურში არ იყო შემთხვევითობა. მან ასევე გაუტანა დეინზესა და სენტ ჟილუას და მხოლოდ ვესტერლოსთან ვერაფერი გააწყო". - წერს Voetbalkrant. 

Voetbalkrant: "ძალიან რთული იქნება მისთვის ამ ტემპის შენარჩუნება - ჟორჟს ყოველ 48 (!) წუთში გოლი გააქვს. მეტიც, ახლა ლიგაში ყველა მეტოქემ კარგად იცის, რა შეუძლია მიქაუტაძეს და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად ითამაშებენ. ძალიან საინტერესო იქნება მისი ნახვა ჟუპილერ ლიგის (1A) გუნდის წინააღმდეგ. 11 ოქტომბერს თასზე სერენი თუ ბლანკენბერგს თუ გაცდა, აუცილებლად ელიტის წარმომადგენელს შეხვდება".

ჟორჟ მიქაუტაძე ერთწლიანი იჯარით თამაშობს სერენში, თუმცა ზამთარში მეცს მისი დაბრუნება შეუძლია. მიქაუტაძემ უკვე მოასწრო ლიგა 1-ში დებიუტი. ის მეცს 2023 წლამდე ეკუთვნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები